თინა ბოკუჩავა: ღარიბაშვილი რეპრესიების ერთ-ერთი სიმბოლოა, სწორედ ამიტომ გაუჩნდა მას პრობლემები დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში
“ღარიბაშვილი რეპრესიების ერთ-ერთი სიმბოლოა, სწორედ ამიტომ გაუჩნდა მას პრობლემები დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლილია და ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს ვადამდელი არჩევნების მიღწევისთვის.
„როდესაც ღარიბაშვილს მაშველ რგოლად იყენებ, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ნდობა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლილია, მას აღარ გააჩნია ამ ქვეყნის მართვის არანაირი რესურსი. ეს მეტყველებს იმას, რომ ივანიშვილი ერთადერთ მოკავშირედ იტოვებს სერგეი გავრილოვსა და პუტინის რუსეთს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, რომლის შედეგადაც მოხდება ნორმალური პარლამენტის ფორმირება და ნორმალური მთავრობის დაკომპლექტება. ღარიბაშვილი ერთ-ერთი სიმბოლოა რეპრესიების, ის ძალადობას, რეპრესიებს ასხივებდა. სწორედ ამიტომ გაუჩნდა მას პრობლემები დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს არის ივანიშვილის განაცხადი, რომ მას სურს მორიგი მარიონეტით ამ ქვეყანაში პუტინისტური დიქტატურა დაამკვიდროს. ეს არ გაუვა და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესები სულ სხვაგვარად წავა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.