სააკაშვილი დიპკორპუსს მიმართავს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს – “საქართველო რით არის ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე ნაკლები”
“გახარიას გადადგომა ნიკა მელიას, ოპოზიციური ერთობისა და ქართველის ხალხის მართლაც დიდი გამარჯვების შედეგია”, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა
სააკაშვილი ასევე დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„მინდა, მივმართო უცხოურ დიპლომატიურ კორპუსს. დიდი მადლობა ევროკავშირის ელჩს გუშინდელი ძალიან სწორი განცხადებისთვის. აშშ-ის საელჩოს დღევანდელი განცხადებაც იყო სწორი, მაგრამ ახლა ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც შეიქმნებოდა ასეთი სიტუაცია, როდესაც პრემიერი გადადგა და არის მმართველ, ამ შემთხვევაში ხელისუფლების უზურპატორ კოალიციაში, ყველა შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები.
საქართველო რით არის ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე ნაკლები, თუ თქვენ აღიარებთ, რომ ჩვენ ვართ სრულფასოვანი ქვეყანა. თუ თქვენ აღიარებთ, რომ საქართველო მართულია ერთი ოლიგარქის მიერ არაფორმალურად, მაშინ არჩევნები არ არის საჭირო. ამიტომ, ახლა თქვენც უნდა აირჩიოთ, რადგან ჩვენ არასდროს მივიღებთ, რომ გვიყურებდნენ, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანად. ჩვენ ვიქნებით სრულფასოვანი, ევროპული დემოკრატია, სადაც ამ სიტუაციაში ყოველთვის იმართება რიგგარეშე არჩევნები. იმედი გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის ქართველი ხალხის ამ გადაწყვეტილების მიმართ. ახლა აღარ არის გაჩერების დრო, საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა სააკაშვილმა.