18 თებერვალი გურამ ფირცხალავას დაბადების დღეა
18 თებერვალი მსახიობ გურამ ფირცხალავას დაბადების დღეა.
მას დღეს 81 წელი შეუსრულდებოდა.
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1966 წელს.
1966 წლიდან მუშაობდა გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი – თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1972 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო.
გურამ ფირცხალავამ ქართულ კინოში განასახიერა 70-ზე მეტი როლი.
ორდე („პირველი მერცხალი“, 1975); ბოქაული („გაქცევა გათენებისას“, 1975); ჯადოქარი („ჩიტის რძე“, 1975); სავანელი („საქმე გადაეცემა სასამართლოს“, 1975); ბოჩო („ქვიშანი დარჩებიან“, 1976); თამშუღ დანელია („ბათა ქექია“, 1978); პრაპორშჩიკი („ყვარყვარე“, 1978); ზაზა („კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“, 1981); მამა („მამა“, 1984); ვიქტორ ავალიშვილი („ერთ პატარა ქალაქში“, 1985); ანდრო („ორომტრიალი“, 1986); ტარიელი („წინამორბედი“, 1988); რომან გუგავა („სპირალი“, 1990) და სხვა.
კინოში ფირცხალავას პირველი როლია, დატყვევებული ქართველი ჯარისკაცი გუჯა, ფილმში „ჯვარცმული კუნძული“ (1968); მეომრის როლი შეასრულა ფილმებში – „გათენების წინ“ (ფარნაოზი, 1971) და „ციმბირელი პაპა“ (ასათიანი, 1973).
ვესტერნის ჟანრში მუშაობისას კინორეჟისორმა გენო ხოჯავამ ფირცხალავა აირჩია მთავარ როლებზე ფილმებში: „კოლხური ბალადა“ (1975) და „მიზანი“ (1979).
გურამ ფირცხალავას დახვეწილი იუმორის გრძნობა გამოჩნდა როლებში: იაშა კოსტავა („სინემა“, 1977); ამბროსი კვინტრაძე („ბატონი ავანტიურისტები“, 1985).
მის საუკეთესო ნამუშევრებს შორისაა: რაჟა სარჩიმელია („დათა თუთაშხია“, 1978); ოდისეი მესხი („მოცურავე“, 1981); სპირიდონი („დღეს ღამე უთენებია“, 1983); ანდრო („ორომტრიალი”, 1986); გოგოლი („თეთრი ბაირაღები”, 1990); ჩეკისტი („ვალსი პეჩორაზე“, 1992); სამხედრო („მიდიოდა მატარებელი”, 2005) და სხვა.
მან განასახიერა, აგრეთვე, ერთ-ერთი მთავარი როლი ცნობილ ტელესერიალში „ცხელი ძაღლი“.
გარდაიცავლა 2014 წლის 6 ნოემბერს, 74 წლის ასაკში.