დიმიტრი ხუნდაძემ ევროკავშირის სპეციალური მისიის, ლიეტუვას წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „სისხლის უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება საქართველოში” ძირითადი ლიდერი ქვეყნის – ლიეტუვას წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლიეტუვას სისხლის ცენტრალური ბანკის დირექტორი დომანტას გუტაუსკასი, იურისტი აგნე კამინსკიენე, პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი ალგირდას გრიშკევიჩიუსი. შეხვედრას ასე ესწრებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის მიმდინარე პროექტი სისხლის უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის გადახედვას და ევრო-დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, საქმე ეხება საქართველოში სისხლის ეროვნული ცენტრის შექმნის საკითხს და ამ მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესებას. სტუმრებმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ, წინადადებები და რეკომენდაციები სისხლის ეროვნული ცენტრის შექმნის თაობაზე. წარუდგინეს ასევე პრეზენტაცია ლიეტუვაში ანალოგიური სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: სისხლის ბანკის მართვისათვის კომპეტენტური ორგანოს ჩამოყალიბება და მისი როლი; ეროვნული სისხლის ბანკის მოწყობა და მისი სამართლებრივი სტატუსი; ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ. აღინიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება კანონმდებლობის არსებითი გადასინჯვა ევროკავშირისა და ჯანმო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ამისათვის ექსპერტთა მიერ განხილულია საკითხი ნებაყოფლობითი, რეგულარული არაანაზღაურებადი დონაციის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული სტრატეგიის შემუშავების შესახებ. ლიეტუველი და ჰოლანდიელი კოლეგები ქართველ კოლეგებს ეხმარებიან სისხლის გადასხმის სამსახურის რეორგანიზებაში, ახალი ლაბორატორიული შესაძლებლობების, მათ შორის, ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის, NAT ტესტირების, ცენტრალიზებული ტესტირების ლაბორატორიის შექმნასა და გაძლიერებაში. აღნიშნულ მიმართულებას ხელმძღვანელობს ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და დარგის სპეციალისტებთან კოორდინაციის საფუძველზე ხდება შესაბამისი სტანდარტების ჩამოყალიბება. როგორც შეხვედრაზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე შემუშავებულია კანონპროექტი „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ” და კანონქვემდებარე აქტები. მისივე თქმით, კანონპროექტი მალე წარედგინება პარლამენტს. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უდავოდ დიდი სამუშაოა შესრულებული, მართლაც საინტერსო პროექტია წარმოდგენილი და მის განსახორციელებლად კომიტეტი ძალისხმევას არ დაიშურებს.