სოზარ სუბარი: ოპოზიციას მოვუწოდებ, მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, მათთვის იქნება უკეთესი

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში საერთაშორისო ორგანიზაციებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას მიიღოს მაქსიმალური მონაწილეობა კომისიის მუშაობაში და მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ ტყუილების გასაფანტად, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელდა, მაგრამ თუ რამე სიმართლეა და ვინმე ფიქრობს, რომ სიმართლეა, ამისთვის კომისია არის ძალიან კარგი საშუალება.

გამოძიების პროცესი არის ღია, ყველაფერი გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ყველა კითხვა იქნება დასმული, თუ თქვენ, ჟურნალისტებს დაგებადებათ კითხვა, შეგიძლიათ მიაწოდოთ კომისიის წევრებს და ყველა სერიოზული კითხვა იქნება იქ განმეორებული. ყველა პირი, რომლის დაკითხვა იქნება საჭირო, იქნება ცესკო-ს წარმომადგენელი, ოპოზიციის, „ქართული ოცნების” წარმომადგენლები, დამკვირვებლები თუ სხვა, ყველა იქნება მოყვანილი, დაკითხული, თუ ექსპერტიზები იქნება საჭირო, ჩატარდება, ასე რომ პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვის საფუძველი არ უნდა დარჩეს.

ოპოზიციიდან ვინ იქნება, გამოჩნდება. მე პირადად მოვუწოდებ ყველას, მიიღონ მონაწილეობა, ვიცი და თქვენც იცით, რატომ არ იღებენ მონაწილეობას – მათ ეშინიათ, 2 თვის განმავლობაში რასაც ლაპარაკობდნენ იმ ტყუილების გაბათილება არ უნდათ, მაგრამ მოვუწოდებ მაინც მიიღონ მონაწილეობა, მათთვის იქნება უკეთესი”,- განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები