ზაზა ფირალიშვილი: მელია ცდილობს, კედელთან მიაყენოს ხელისუფლება და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯები, რაც მისთვის მომგებიანი იქნება

დღეს, დიდი ალბათობით, “ნაცოინალური მოძრაობის” თავჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტი დეპუტატის უფლებამოსილებას მოუხსნის. შესაბამისად, სამართალდამცავებს საშუალება ეძლევათ, მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პასუხისგებაში მისცენ. როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები მელიას შესაძლო დაპატიმრების შემდეგ – „კვირა’ ფილოსოფოსსა და პოლიტიკურ მიმომხილველს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

-„ნაცოონალური მოძრაობის“ ლიდერის, მელიას შესაძლო დაპატიმრებას შემდეგ მოვლენების განვითარების რა სცენარს ელით?

საქართველოში აშკარად პოლიტიკური კრიზისია და ნებისმიერი სცენარი ამ პოლიტიკური კრიზისის გაგრძელება იქნება. ცუდი ფორმები აქვს ამ კრიზის მიღებული. თავის ფუნქციას ვერ ასრულებს ვერც ხელისუფლება და ვერც – ოპოზიცია. ამ სიტუაციაში კრიზისი თუ გაღმავრდება, თორემ სხვა განვითარებას მე ვერ ვხედავ. რომ გითხრათ, ოპოზიცია შეძლებს ხალხის ფართო მასების გამოყვანას, ამას ნამდვილად არ ველი.

-ოპოზიციიას სწორედ ხალხის დიდი მასის იმედი აქვს, ან თუნდაც გამოიყვანოს – რა პერსპექტივა აქვთ მათ გეგმას?

რომელ გეგმაზე მელაპარაკებით?

როგორც ამბობენ, საპროტესტო მოძრაობითა და ხალხის დახმარებით შეძლებენ ,,ოცნების,, ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას?

დღევანდელი მოცემულობით და ალბათ უახლესი თვეებისაც, ეს მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. შეიძლება, მომავალში მოხდეს ასეთი რამ, მაგრამ არა – ახლა. NDA-ის გამოკითხვის შედეგები შეიძლება, მოგვწონს ან არა, მაგრამ ტენდენციას აჩვენებს და ამ ტენდენციის მიხედვით ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ხალხის მხარდაჭერას კარგავს. საქმე გავაქვს არა ზიარჭურჭელთან, როცა ერთი მხარის მხარდაჭერები მეორეს ემატება, არამედ ფაქტია, რომ რეიტინგს ერთიც კარგავს და მეორეც. ეს არის სავალალო სიტუაცია ყველასთვის და, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვისაც.

-თქვენ სამართალმცოდნე არ ბრძანდებით, მაგრამ თქვენი მოსაზრება მაინც საინტერესო იქნება. სამართლებრივად რამდენად გამართული ბრალდებაა, რასაც მელიას უყენებენ?

სამართლებრივ გამართულობაზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნიკა მელია ცდილობს, კედელთან მიაყენოს ხელისუფლება და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯები, რაც მისი აზრით მისთვის მომგებიანი იქნება, პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით. სამართლებრივად რამდენად გამართულია ან ერთის ან მეორის მოქმედება ამას მე ვერ შევაფასებ.

-დაპატიმრების შემთხვევაში მელია შეძლებს პოლიტპატიმრის სტატუსის მიღებას. საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რა თქმა უნდა?

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, იურიდიულად რამდენად გამართული იქნება ხელისუფლების ქმედება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, როგორი კომუნიკაცი ექნება ხელისუფლებას დასავლელ პარტნიორებთან. საქმე ისაა, რომ ასეთი კომუნიკაცია ,,ოცნებას,, უჭირს. ხალხი, ვინც დასავლეთთან ურთიერთობდა, ,,ოცნებიდან,, წავიდა. ახლა მას არ აქვს ის კონტაქტები, რაც ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას”. გვახსოვს, ალბათ, ცუდსაც არ იჯერებდნენ დასავლელი პარტნიორები და ეს სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობის,, კონტაქტების დამსახურება იყო დიდწილად. ბევრს დღემდეც არ სჯერა. მოკლედ, „ნაციონალებს“ ეს კონტაქტები დღესაც აქვთ . ასე რომ, სრულიად გამართულიც რომ ჰქონდეს „ოცნებას“ მელიას საქმე, მათ ძალიან გაუჭირდებათ წმინდა დიპლომატიური არხებით დასავლელი პარტნიორების დარწმუნება. ყველა მოვლენას აქვს თავისი კონტექსტი და თავისი წარსული. ამ ურთიერთობებსაც თავის წარსული და პრეისტორია აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებასა და შავი ზღვის ფსკერზე ბოჭკოვანი კაბელის გაყვანასთან დაკავშირებულ ისტორიას თუ გავიხსენებთ, ვფიქრობ, „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება თავისი სიმართლის დამტკიცება დასავლეთისთვის.

-პარლამენტი საარჩევნო კანონის დახვეწაზე მუშაობს. როგორ ფიქრობთ, ცვლილებებს, რომელიც ამ კანონში იგეგმება, ექნება ლეგიტიმაცია მაშინ, როცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ცვლილებების მიღმა დგას?

შეიძლება, სამართლებრივად მომავალი ცვლილებები გამართული იყოს, მაგრამ ამ ცვლილებებს არ ექნება პოლიტიკური და მორალური ლეგიტიმაცია. ოპოზიციას ჰქონდა ილუზია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა პოლიტიკურ პროცესებს მშვიდ კალაპოტში ჩააყენებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პოლიტიკურ პროცესებს ანვითარებს არა მარტო კანონი, არამედ – ადამიანები, ვინც ამ კანონებს ქმნიან. ცუდი კანონების პირობებშიც კი შეიძლება, პროგრესს მიაღწიო, თუ ამის სურვილია და პირიქით, გქონდეს კარგი კანონმდებლობა, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები