“ეს არ არის სასამართლო და სასამართლოზე მხარეებს სრული უფლება ექნებათ, იპაექრონ. იქ უნდა განიხილონ პატიმრობის გამოყენება-არ გამოყენების საკითხი”, – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის შეკითხვას, თუ რატომ არ შეუშვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში.
ოხანაშვილის თქმით, დღეს წყდება საკითხი, მიეცეს თუ არა პროკურატურას პატიმრობის შუამდგომლობის უფლება.
„ჩვენ დღეს არ ვწყვეტთ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების საკითხს. ჩვენ დღეს ვწყვეტთ საკითხს, მიეცეს თუ არა უფლება პროკურატურას, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს მინდოდა, რომ მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ ამეხსნა და გამემახვილებინა ამაზე ყურადღება.
საზოგადოებას მივმართავ ამ შემთხვევაში და არამხოლოდ კოლეგებს. შესაბამისად, ეს არ არის სასამართლო და სასამართლოზე მხარეებს სრული უფლება ექნებათ, იპაექრონ. იქ უნდა განიხილონ პატიმრობის გამოყენება-არ გამოყენების საკითხი. ჩვენ კონკრეტულ გარემოებაზე დაყრდნობით უნდა გადავწყვიტოთ თანხმობის მიცემა, შუამდგომლობა წარადგინოს პროკურატურამ. ამაზეა საუბარი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხს დღეს მეორედ უყრის კენჭს.