“როდესაც სახელმწიფო იქცევა მოძალადედ, მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ყოფილმა ლიდერმა, გიგი უგულავამ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.
მისივე თქმით, ხელისუფლება კანონის ფარგლებიდან გავიდა.
“ხელისუფლება გავიდა კანონის ფარგლებიდან, გვეუბნება, რომ უნდა დაგაჩმოროთ, გვეუბნება, რომ “მე მოვალ სპეცნაზით და ყველანაირ უკანონობას ჩავიდენ”. მე, საქართველოს მოქალაქეს გიგი უგულავას, მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, რომ როდესაც მოძალადე მოდის და მეძალადება, როდესაც სახელმწიფო არ მიცავს და არ ახორციელებს კანონიერ უფლებამოსილებას, როდესაც სახელმწიფო იქცევა მოძალადედ, მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას. 20 ივნისის გამოძიება უკანონოა იმიტომ, რომ გამოსაძიებელია ივანიშვილის, გახარიას და იმათი მონაწილეობა ვინც ადამიანებს თვალები დათხარეს”, – განაცხადა უგულავამ.