ვახტანგ გომელაური: ნამდვილად გმირები არიან ეს ადამიანები, ჩვენი მეხანძრე-მაშველები სიცოცხლეს სწირავენ თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი – 25 წლის თორნიკე კიპაროიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხანძრის ქრობის დროს ტრაგიკულად დაიღუპა, ბათუმის საკათედრო ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს. დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან – ვლადიმერ ბორცვაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან – თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამძიმარი პირადად გამოუცხადა.
„პირველ რიგში მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. მართლა ძალიან კარგი, ვაჟკაცი ადამიანი გამოაკლდა პირველ რიგში ოჯახს, ჩვენს სამსახურს, სამშობლოს.
ნამდვილად გმირები არიან ეს ადამიანები, ვინც აქ დგანან, ხედავთ, ყველა ყოველი ადამიანი ყოველდღე თითო სიცოცხლეს სწირავს, თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად. ერთი ეს შემთხვევაც იყო სამწუხაროდ. ეს ადამიანი გამოგვაკლდა, მართლა კარგი ადამიანი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე. ვუსამძიმრებთ კიდევ ერთხელ ოჯახს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ვახტანგ გომელაურმა.