პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 108 521 301 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 393 412 ადამიანი

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 108 521 301 შემთხვევა გამოვლინდა, 2 393 412 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 60 814 637 – გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ინფორმაციით, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 27 574 200 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 484 200 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის ფონზე უსახლკაროების რიცხვმა მოიმატა და მსუბუქ მანქანას საცხოვრებლად სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს.

უცხოური მედიის თქმით, ყოველი 500 ამერიკელიდან, ერთი უსახლკაროა და ბოლო პერიოდში მათი აღრიცხვიანობის მიმართულებით გარკვეული სირთულეები გაჩნდა.

„იმ ადამიანებს, ვინც ავტომობილებში ცხოვრობენ, ჩვენ ვეძახით „დაფარულ უსახლკაროებს“ და ვშიშობთ, რომ ასეთი ადამიანების რიცხვმა უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია“, – აცხადებს კოლორადოს შტატის ერთ-ერთი თავშესაფრის დირექტორი.

მისივე თქმით, ბევრ ადამიანს ურჩევნია მსუბუქ მანქანაში ცხოვრება თავშესაფარში ყოფნას, რადგან ასე მათ აქვთ საშუალება დარჩნენ საკუთრი ოჯახის წევრებთან ერთად და ბევრისთვის, ქუჩაში დარჩენის მიზეზი კორონავირუსია – როგორც აღმოჩნდა, ბევრი უსახლკარო სწორედ პანდემიის შიშით არიდებს თავს თავშესაფრებს.

კორონავირუსზე საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილებულია აშშ-ში, კოლორადოს შტატში არსებულ ვითარებაზე და ხაზგასმულია, რომ აღნიშნული შტატის ერთ-ერთ კურორტზე ეპიდაფეთქებაა, ინციფირებულია ზამთრის კურორტის მომსახურე პერსონალიდან 109 ადამიანი. უცხოური მედიის ინფორმაციით, მათი ინფიცირება სოციალურ შეკრებაზე მოხდა.

„აღსანიშნავია, რომ კიდევ რამდენიმე კურორტზე დაფიქსირდა კოვიდის მომატებული შემთხვევები, როგორც დამსვენებლებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, პირბადის ტარება და კოვიდ რეგულაციების დაცვა კურორტზე საკმარისად არ კონტროლდებოდა“, – წერს უცხოური მედია.

ყურადღება ასევე გამახვილებულია ევროპაზე და აღნიშნულია, რომ ეკონომისტების თქმით, ევროპაში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობს, რის გამოც შესაძლოა ევროკავშირმა 90 მილიარდი ევრო დაკარგოს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ევროპა ხუთი კვირით უკანაა ვაქცინაციის პროცესში და თუკი ტემპები არ დაჩქარდება, ევროკომიის მიერ დასახული მიზანი, 2021 წლის ზაფხულისთვის აცრას მოსახლეობის 70%-ი, არარეალისტურია.

„უფრო მეტიც, ვაქცინაციის ასეთი ტემპებით გაგრძელების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება 2021 წლის ბოლოსთვის ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა. ეკონომისტების განცხადებით, კოვიდ შეზღუდვების ყოველი მომდევნო კვირა, ეკონომიკის კვარტალურ მაჩვენებელს შეამცირებს 0.4%-ით, ხოლო წლიურს, 2%-ით. ყოველივე ეს კი გამოიწვევს 90 მილიარდი ევროს დანაკარგს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბელგიისთვის, ყოველკვირეული ეკონომიკური დანაკარგი, დღევანდელი მონაცემებით, 600 მლნ ევროს შეადგენს.

The Lancet-ის სამეცნიერო ჯგუფის ინფორმაციით, ვაქცინის ნაციონალიზაცია, მაღალი ფასები და შეფერხებები მომარაგებაში არის მთავარი დაბრკოლებები მსოფლიოს მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში. მათივე განცხადებით, ვაქცინის დოზების 2/3 არის დარეზერვებული იმ მთავრობების მიერ, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1/6-ს წარმოადგენენ”, – წერს უცხოური მედია.

აღნიშნულია, რომ მეცნიერების თქმით, თუ ვაქცინა არ განაწილდება ქვეყნებზე თანაბრად, პანდემიის დასრულებას წლები დასჭირდება.

„რამდენიმე მწარმოებელმა კომპანიამ, 2020 წელს დიდი შრომა გასწია და 12 თვეში შეიქმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა, ამ მომენტისთვის გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსოფლიოს სჭირდება ვაქცინების დიდი რაოდენობა, რათა აცრას მოსახლეობის ის კრიტიკული რაოდენობა, რაც საჭიროა პანდემიის დასასრულებლად“, – აცხადებენ მეცნიერები.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით კი 22 თებერვალს, ქვეყნის პრემიერმა კოვიდ რეგულაციების შემსუბუქების სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს.

მათივე თქმით, ბორის ჯონსონმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება იქნება ეტაპობრივი და ყველა რეგულაცია ერთბაშად ვერ მოიხსნება.

„ასევე, ცნობილია, რომ მთავრობის პრიორიტეტია მოსწავლეების დაბრუნება საკლასო ოთახებში, როგორც კი ეპიდ სიტუაცია მისცემს მათ ამის საშუალებას. შემდგომ ეტაპზე უკვე საუბარი იქნება არაძირითადი მოხმარების მაღაზიების, რესტორნების, მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა ეტაპობრივ გახსნაზე. თუმცა, გადაწყვეტილების მიღება არ იქნება მარტივი. ეპიდემიოლოგები მკაცრად აფრთხილებენ მთავრობას და მოუწოდებენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა იქნას მიღებული“, – წერს უცხოური მედია.

მსოფლიო, პანდემია,

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები