შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, შემოსავლების სამსახურთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.ვ., ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ვ.-მ მიმდინარე წლის 12 თებერვალს, სამსახურებრივი უთანხმოების გამო, თავის ყოფილ თანამშრომელ ქალს, 1994 წელს დაბადებულ ნ.ე.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ასევე, ბრალდებულმა ყოფილ თანამშრომლებს – 1984 წელს დაბადებულ ი.ხ.-სა და 1990 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა თ.ვ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118- ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ძალადობას და მუქარას გულისხმობს,” – ნათქვამია განცხადებაში.