ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაცმოძრაობას“ ნიკა მელიას საქმე შესაძლოა, საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოსაჩენად აწყობდეს

„ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას საქმე შესაძლოა, საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოსაჩენად აწყობდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას აქვს თავისუფლება და მშვენიერი შესაძლებლობა იმის, რომ მომავალი კვირიდან არ წავიდეს ციხეში.

„ნიკა მელიას საქმე წმინდად სამართლებრივი საკითხია იქედან გამომდინარე, რომ კანონით გაწერილია პროცედურები, რა უნდა გაიაროს როგორც პროკურატურამ, ასევე, ნიკა მელიამ. რაც შეეხება მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, ის განპირობებული იყო იქედან გამომდინარე, რომ მელიას განცხადებაში ნათქვამი იყო, თითქოს, „ქართული ოცნება“ გირაოს გადახდას აპირებს, რაც სრული აბსურდია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას საქმე შეიძლება, აწყობდეს საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩინებისა და ასევე იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორები დააჯერონ, საქართველოში ოპოზიციის ლიდერებს დაუსაბუთებელი ბრალდებით დევნიან. ეს არის მათი მთავარი გეგმა და ამოცანა, თუმცა, მეორეა სამართლებრივი საკითხი. ნიკა მელიას აქვს თავისუფლება და მშვენიერი შესაძლებლობა იმის, რომ მომავალი კვირიდან არ წავიდეს ციხეში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები