გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 32 კომპანია შეამოწმეს და 1,5 მილიონამდე პარკი დალუქეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარკების მწარმოებელი კომპანიების მასშტაბური შემოწმება განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარემოსდაცვითი ინსპექტირების თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, 32 ობიექტი შეამოწმეს და, ჯამურად, 1 493 490 ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს.
როგორც უწყებიდან იტყობინებიან, ინსპექტირების შედეგად, კომპანიების მხრიდან, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
„საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია, პლასტიკის პარკები საცალო ქსელში არ მოხვდეს და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურება შემცირდეს“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა.