ანალიტიკოსების მოსაზრებით, ყარაბაღის მეორე ომში სომხეთის მარცხი და აზერბაიჯანის გამარჯვება რეგიონის ეკონომიკურ და გეოსტრატეგიულ სტრუქტორას მნიშვნელოვნად შეცვლის. არის ვარაუდი და მოლოდინი, რომ ახალ რეალობაში საქართველო, როგორც რეგიონის მთავარი სატრანზიტო დერეფანი, თავის ფუნქციასა და დანიშნულებას კარგავს. მეტიც, არსებობს მოსაზრებაც, რომ ყარაბაღში განცდილი მარცხის საკომპენსაციოდ რუსეთი სამცხე ჯავახეთზე სომხეთის პრეტენზიებს წაახალისებს. ამ მოსაზრებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც იზიარებს, რომელიც სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვას პროგნოზირებს. რეალურად, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები. „კვირა“ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
-საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გამარჯვებამ ყარაბაღის მეორე ომში საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია ეჭვის ქვეშ დააყენა. სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მარცხის საკომპენსაციოდ რუსეთმა სომხეთი საქართველოს წინააღმდეგ წააქეზოს და საქართველომ ჯავახეთში, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული, კონფლიქტის ახალი კერა მიიღოს. რას ფიქრობთ სააკაშვილის ამ განცხადებაზე?
-ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვაცხადებ, რომ სააკაშვილი გადაიქცა კრემლის რუპორად და იდეების გამხმოვანებლად. ეს არ არის პირველი შემთხვევა – გახლავთ სააკაშვილის კიდევ ერთი და ხმაურიანი განცხადება, ოღონდ ამჯერად უკაინასთან მიმართებით. როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ სამი პრორუსული არხი დახურა, სააკაშვილი ღიად გამოვიდა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ და თქვა, რომ უკრაინა მარიუპოლსა და ხერსონს დაკარგავდა და ქვეყანა დაიშლებოდა. შეიძლება, ვთქვათ, რომ სააკაშვილი უკრაინას დაემუქრა და გააჭღერა ის მესიჯები, რომლებიც აქამდე ჟირინოვსკისთვის იყო დამახასიათებელი. საინტერესოა ისიც, რომ ერთ-ერთი ტელევიზიაში, კერძოდ, „ზიკში“, რომელიც ზელენსკიმ დახურა, სააკაშვილს საავტორო გადაცემა მიჰყავდა და, როგორც ამბობენ, ამ ტელევიზიის გარკვეულ აქტივებსაც ფლობდა. მოკლედ, სააკაშვილი დღეს არის კრემლის რუპორი და რუსეთის გავლენის აგენტი. ის, რაც სააკაშვილმა ჯავახეთთან მიმართებით განაცხადა, არის კრემლის იდეა, რომელიც სომხეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებასა და დაძაბვას ემსახურება. სააკაშვილი პუტინის მესიჯებს ახმოვანებს, ეს ფაქტია.
-თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად რეალურია, რომ საქართველომ სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია დაკარგოს?
-არ მგონია, რომ ასე დრამატულად იყოს საქმე. ფაქტია, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ახალი სატრანზიტო მარშრუტები ამოქმედდება და კონკურენცია გაიზრდება, თუმცა, ჩვენი და მომიჯნავე რეგიონების მზარდი ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ტვირთების საკმარისი რაოდენობა ყველასთვის მოიძებნება. მოკლედ, ამ მიმართებით მე დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა, ჩემთვის უფრო დამაფიქრებელია, ვინ იქნება რეგიონის ძველი და ახალი სატრანზიტო მარშუტების განმკარგავი, ანუ მაკონტროლებელი. როგორც ჯერჯერობით ჩანს, ამ ფუნქციის მორგებას საკუთარე თავზე რუსეთი ცდილობს, თუმცა, რამდენად გამოუვა ეს მას, დრო აჩვენებს. ფაქტია, რომ ამ საკითხში რუსეთს ძლიერი კონკურენტები ჰყავს, იგივე თურქეთი, ირანი და შეიძლება, ჩინეთიც. საკუთარი ინტერესები აქვს დასავლეთსაც, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მისი აქტივობა რეგიონში შემცირებულია. ვნახოთ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია რას იზამს.
-შექმნილ სიტუაციაში ანაკლიის პორტს მშენებლობას რა დატვირთვა ექნება, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით?
-ფაქტია, რომ ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ყველა თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, ვისი ფულითა და გარანტიებით აშენდება ის. ქვეყანა, რომელსაც მოცემული მომენტისათვის აქვს ამ მასშტაბის პროექტისათვის საჭირო პოტენციალი და ფინანსური რესურსი, ჩინეთია. ფაქტია ისიც, რომ ამ პორტის მშენებლობით დაინტერესებულია აშშ-ც, მაგრამ შესაბამისი რესურსის გამოყოფას არ ჩქარობს. ერთ-ერთი ან ერთადერთი,ვისაც ანაკლიის პორტის აშენება არ უნდა, რუსეთია. მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, რომ ანაკლიაში რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის ინტერესები იკვეთება. 2018 წელს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში სწორედ ამ პორტთან იყო კავშირში. მერე საქმეში ჩაერივნენ ამერიკელები და ამაზე მეტყველებს მაიკ პომპეოს განცხადება, რომ ანაკლიაში ჩინელების გამოჩენა “არამიზანშეწონილ გარემოებათა კატეგორიად” განიხილება. მოკლედ, ამერიკელებს აქვთ თავიანთი ინტერესი აქ. ისინი ახორციელებენ სამი ზღვის კონცეფციას. ეს ამერიკისა და პოლონეთის ერთობლივი პროექტია, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორზე კონტროლის დამყარებას გულისხმობს. იგულისხმება ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვები. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამერიკას დიდი ინტერესი აქვს ანაკლიაში. მათი ინტერესესის სფეროში შედიოდა ანაკლიაში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა და, ასევე, ღრმაწყლივანი პორტი იძლეოდა საშუალებას, რომ აქ დიდი წყალწევის ამერიკული სამხედრო გემები შემოსულიყვნენ. ჩინეთის მთავარი ინტერესია, დაამყაროს ყველა იმ პორტზე კონტროლი, რომელიც „ერთი გზა ერთის სარტყელის“ აბიციური პროექტის არეალში ექცევა. ჩინეთმა, ფაქტობრივად, უკვე შეიძინა ვენეციის პორტი, მის განკარგულებაშია პირეოსი საბერძნეთში, ასევე, პაკისტანის პორტები. მოლაპარაკებებს აწარმოებდა კონსტანტას პორტის შეძენაზეც. საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები ჩადო აქტაუში, ყაზახეთის პორტში. მოკლედ, ინტერესი დიდია, თუმცა, ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ანაკლიის საკითხი ისევ ღიაა, რუსეთი კი – კმაყოფილი.