თამაზ გაიაშვილი: ვაქცინას ეროვნება და საზღვარი არ აქვს
“საქართველოში ყველამ ვიცით, რომ პანდემიას სკოლების, სავაჭრო ცენტრებისა და რესტორნების დაკეტვით ვერ დავამარცხებთ (ამით მხოლოდ საკუთარ ეკონომიკას და ხალხს დავამარცხებთ), ამიტომ, აუცილებელია მოსახლეობის სწრაფი ვაქცინაცია”, – ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, როგორც ვირუსსა და პანდემიას არ გააჩნია ეროვნება, საზღვრები და პოლიტიკური მოტივები, ზუსტად ასევე არ გააჩნია ეროვნება, საზღვრები და პოლიტიკური მოტივები წამალს, ვაქცინას, პრევენციას, მკურნალობას.
,,ვაქცინას ეროვნება და საზღვარი არა აქვს!
ჩემს წინა სტატიებში აღვნიშნავდი, თუ როგორი საგანგაშო დემოგრაფიული ვითარება შეიქმნა საქართველოში ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში. დიდი ხანია ამის შესახებ ცნობილი ქართველი მეცნიერებიც წერენ და გაეროს მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი ერების სიაშიც შეყვანილი ვართ. ქართული სოფელი მოშლილია. მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთი რომ შემოიარო, სოფელს ვერ ნახავ, სადაც ათიდან ექვსი-შვიდი სახლი გამოკეტილი, დანგრეული და გაპარტახებული არ იყოს. სოფლად დარჩენილთა შორის 80-85 პროცენტი მხოლოდ საპენსიო ასაკის ადამიანები არიან. ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ სოფელს, ზოგი თბილისში გამორბის, ზოგი კიდევ საზღვარგარეთ მიეშურება. ავსტრალიისა და აფრიკის კონტინენტებზეც კი ბლომად არიან საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახის გადასარჩენად გადახვეწილი ქართველები. თბილისი თავკომბალას ემსგავსება, ქვეყანა კი იცლება. ბოლო ერთი წლის მანძილზე, რაც ქვეყანაში პანდემია ბობოქრობს, ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია. შედეგები მალე გაცილებით უფრო საგრძნობი გახდება, ვიდრე დღეს არის. აღმოვჩნდებით იმ ვითარებაში, როდესაც ერთად მოიყრის თავს სუბიექტური და ობიექტური მზეზებით გამოწვეული პრობლემები, პოლიტიკასა და ეკონომიკაში არსებული სიძნელეები და დაშვებული შეცდომები. კარგად როდესაც ავწონ-დავწონით და გავიაზრებთ რა ზიანი მოგვიტანა რუსოფობიურმა განწყობილებებმა, მხოლოდ მაშინ მივხვდებით იმას, თუ რამდენ ახალ ზიანს მოგვიტანს ანალოგიური განწყობილებები მომავალში.
წინა სტატიაში მოგიწოდებდით, რომ რუსეთთან საჭიროა დიალოგი მესამე ძალის გარეშე. (მეღიმება ამ მესამე ძალაზე როდესაც მიწევს საუბარი. რა ბრძულ რჩევა-დარიგებას უნდა მოელოდე იმ მესამე ძალისგან, რომელსაც ბელარუსში პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩანაცვლება დიასახლის ტიხანოვსკაიათი განუზრახავს, ხოლო რუსეთში პრეზიდენტ პუტინის შემცვლევლად ვინმე ნავალნიზე უკეთესი კანდიდატურა ვერ შეურჩევია. შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენთან შეხედეთ, რა ზნეობრივი სახის მატარებლები არიან იმ მესამე ძალის მიერ მოწონებული და წახალისებული ადამიანები თუ დაჯგუფებები, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ რუსეთს ფეხების ბაკუნითა და მუშტების ქნევით ვესაუბროთ). საქართველოში ყველამ ვიცით, რომ პანდემიას სკოლების, სავაჭრო ცენტრებისა და რესტორნების დაკეტვით ვერ დავამარცხებთ (ამით მხოლოდ საკუთარ ეკონომიკას და ხალხს დავამარცხებთ), ამიტომ აუცილებელია მოსახლეობის სწრაფი ვაქცინაცია. რუსეთთან დღესვე უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება ვაქცინის შემოტანის შესახებ, რადგან დღეს უკვე ყველასთვის (მათ შორის, დასავლეთშიც) ნათელი გახდა, რომ ჯერჯერობით ყველაზე ხარისხიანი და მაღალეფექტური სწორედ რუსული ვაქცინაა. ეს უკვე აღიარეს დასავლეთის ყველაზე გავლენიანმა სამედიცინო გამოცემებმა და რიგ სახელმწიფოთა მეთაურებმა. მთავრობა იმის შიშით, რომ ვიღაცა ამის საწინააღმდეგოდ ხმის ჩახლეჩვამდე იყვირებს, სწორი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავს არ უნდა იკავებდეს. საერთოდ, რაზეა საუბარი? ერის ყოფნა-არყოფნის წინაშე როდესაც ვდგავართ, იქ პოლიტიკური სარჩული და მოტივი რა მოსატანია?! დემოგრაფიული პრობლემების შესახებ საუბრით იმიტომ დავიწყე ეს სტატია, რომ სწრაფი ვაქცინაციის აუცილებლობა ამ ფონზე უფრო კარგად გამოჩნდებოდა. როგორც ვირუსსა და პანდემიას არ გააჩნია ეროვნება, საზღვრები და პოლიტიკური მოტივები, ზუსტად ასევე არ გააჩნია ეროვნება, საზღვრები და პოლიტიკური მოტივები წამალს, ვაქცინას, პრევენციას, მკურნალობას… ვის ინტერესებშია, რომ ერის რეალური გადარჩენის შანსი პოლიტიკური მოტივების გამო სასწორზე შევაგდოთ?! ჯერ ერთი, არ ვიცით, როდის მოგვიწევს რიგი დასავლურ ვაქცინაზე, გარდა ამისა, დასავლური ვაქცინის ფასი რამდენჯერმე აღემატება რუსული ვაქცინის ფასს, ამასთანავე, დასავლური ვაქცინის შენახვის წესები გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე რუსული ვაქცინისა და, რაც მთავრია, ევროპულ ვაქცინასა და რუსულ ვაქცინას შორის უზარმაზარი განსხვავებაა საიმედოობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით.როგორც უკვე ვთქვი, ამას დასავლეთიც აღიარებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ რუსული ვაქცინის თემა პოლიტიკურ სფეროში ჰქონდა გადატანილი და მის წარმატებას ყველანაირად უშლიდა ხელს. ჩვენი ეკონომიკის ხერხემალი ტურიზმი თუ არის, ამ სფეროს ამუშავება მასობრივი ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელიცაა და ყოვლად დაუშვებელიც. ამ საქმეში სწორედ მაღალხარისხიანი ვაქცინაციაა ის, რაც ჩიხიდან გამოგვიყვანს. მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას: ნუ იღებს ყურად ვიღაცათა მოსალოდნელ კრიტიკას და ნურც იმ მესამე ძალის დაჟინებულ რეკომენდაციებს, რომელიც მსოფლიოში აღიარებული რუსული ვაქცინის ნაცვლად, საეჭვო ხარისხის საკუთარი ვაქცინის შემოსაღებას გეგმავს და ქართველი ერის ამ მძიმე განსაცდელისგან გამოყვანის საქმეს სათუოს ხდის”, – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.