Pfizer-ის რეგიონული მენეჯერი: სრული პასუხისმგებლობით გარწმუნებთ, რომ უახლოეს მომავალში კერძო სექტორისთვის ვაქცინების მიწოდება არ იგეგმება – გამორიცხულია

„სრული პასუხისმგებლობით გარწმუნებთ, რომ უახლოეს მომავალში კერძო სექტორისთვის ვაქცინების მიწოდება არ იგეგმება – გამორიცხულია!“ , – განაცხადა ბენ ოსბორნმა, Pfizer-ის რეგიონულმა მენეჯერმა გაერთიანებულ სამეფოში მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ დაამტკიცა Pfizer/BioNTech ვაქცინა.
კომპანია Pfizer ადასტურებს, რომ ვაქცინას მიაწვდის მხოლოდ ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს და დარწმუნებულია, რომ აქვს საკმარისი მარაგი.
კიდევ თვეების განმავლობაში შეუძლებელი იქნება ფულის გადახდა და ურიგოდ „ჩახტომა“ კორონავირუსის ვაქცინის რიგში – ამტკიცებენ ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები და კომპანიები მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა პირველმა ევროპასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში გასცა COVID-19-ის ვაქცინის ავტორიზაცია.

„ჩვენ ასევე მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხოლოდ ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს მივაწოდოთ ვაქცინა“, – დაამატა ოსბორნმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ Pfizer-ის მიწოდების ჯაჭვი საკმარისად უსაფრთხოა, რათა გამოირიცხოს ვაქცინის უკანონო „გაჟონვა“ კერძო ბაზარზე. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელთა თანახმად, კომპანიების მხრიდან ვაქცინების კერძო მოხმარებისთვის გაყიდვის სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, ყიდვის მსურველები მაინც რიგის ბოლოში აღმოჩნდებიან, ანუ ქვეყნებისა და სახელმწიფოების უკან, რომელთაც წინასწარ უკვე შეუკვეთეს მილიონობით დოზა. სამთავრობო შეკვეთების გვერდის ავლით კერძო კლინიკებისა თუ საავადმყოფოებისთვის ძვირფასი მარაგის გადამისამართება მწარმოებელთა მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის ტოლფასი იქნება. გარდა ამისა, შესაბამისი რეგულაციებით იკრძალება ღია ბაზარზე ვაქცინების გაყიდვა.
კერძო კლინიკების უმრავლესობას არც აქვს იმედი, რომ შეძლებს კორონავირუსის ვაქცინაციის შეთავაზებას – სულ მცირე, სანამ ეროვნული ჯანდაცვის სამსახური არ დაასრულებს საზოგადოებრივი პროგრამის 1-ელ ფაზას, რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტი ენიჭება 50 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს, სოციალურ მუშაკებსა და ისეთი დაავადებების მქონე პირებს, რომლებიც მათ, COVID-19-ის მწვავე სიმპტომების გათვალისწინებით, მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. ექიმთა დამოუკიდებელი ფედერაციის პრეზიდენტი, ლონდონის პორტობელო კლინიკის ოჯახის ექიმი, მილ ჰოტონი აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში კიდევ მრავალი თვის განმავლობაში კერძო გზებით ვაქცინის კანონიერად შეძენის პერსპექტივის გაჩენა მისთვის „შოკისმომგვრელი“ იქნებოდა. რაც შეეხება Pfizer -ის ვაქცინას, – რომელიც ინახება -70 გრადუსზე, ხოლო ტრანსპორტირებისას აუცილებელია მისი მოთავსება მშრალ ყინულში, გამოყენება კი სავალდებულოა 5 დღის განმავლობაში საყინულიდან ამოღების შემდეგ, – ჰოტონი აცხადებს, რომ კერძო კლინიკების უმრავლესობა „არც ისე დიდი ზომისაა, რის გამოც ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურის გარეშე ლოგისტიკის საკითხები განსაკუთრებით რთული გადასაჭრელი იქნება“. ლონდონის კერძო კლინიკის – Harley Street -ის დამფუძნებლის, მარკ ალის განცხადებით, მას ყოველდღე ურეკავენ პაციენტები ერთი კითხვით: როდის იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსის ვაქცინა? ალი გამოთქვამს იმედს, რომ მომავალი წლის დასაწყისში ვაქცინების ნაწილი შეიძლება, მოხვდეს კერძო სექტორში: „ჩემი აზრით, ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სამოქალაქო უფლებების გამოყენება“, – აცხადებს ალი, თუმცა, იქვე ამატებს, რომ „თუკი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს კანონით დაუშვებელია კერძო სექტორში, მაშინ ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით ამას“. დოქტორი ჰოტონი ვარაუდობს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება კერძო სექტორისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ჯანდაცვის სამსახური დაასრულებს მოსახლეობის დაახლოებით 40-5-%-ის ვაქცინაციას. იგი ასევე მიუთითებს ვაქცინებზე ბავშებისთვის, რომლებზეც კერძო სექტორს ხელი არ მიუწვდება, რადგან ეს ვაქცინები ეროვნული პროგრამის შემადგენელი ნაწილია. უფრო შორეულ მომავალში, პანდემიის დასრულების შემდეგ, კორონავირუსის ვაქცინაციის რეჟიმი უბრალო გრიპის ვაქცინაციის რეჟიმს დაემსგავსება: 50 წლამდე ასაკის ჯანმრთელი პირები კერძო სექტორში ეძებენ ვაქცინას, რადგან ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის სისტემაში ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის. ვაქცინების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლის თანახმად, ინდუსტრიაში არსებობს შიში ვაქცინის ყალბი, არალიცენზირებული ასლების შექმნასთან და შავ ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა ავტორიზებული მარაგიც კი შეზღუდულია, კერძო პირებისა თუ მხარეების მიერ კორონავირუსის ვაქცინის შეთავაზების განხილვისას აუცილებელია ყალბი ასლების ფაქტორის გათვალისწინება.
დოქტორი ჰოტონი ასევე გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, ვაქცინაციის სახელისუფლებლო გეგმაში არ არის გათვალისწინებული 250 კერძო პრაქტიკის (ოჯახის ექიმის) კლინიკა, რადგან მათი პერსონალი და პაციენტები არ არიან ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის სიებში. ორშაბათს ჰოტონმა წერილობით მიმართა ნადიმ ზაჰავის (ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი ახალი მინისტრი) და განაცხადა, რომ ათასობით კერძო პაციენტი „საერთოდ არ იქნება დარეგისტრირებული ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის კერძო პრაქტიკის კლინიკების სიებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის არც იმ სიებში მოხვდებიან, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს დაუცველ ფენებსა და ხანდაზმულებს“. ამ წერილში, რომელიც წარედგინა Financial Times, ჰოტონო აცხადებს, რომ მას ამოძრავებს „არა რიგში ჩახტომის და მოგების ნახვის“ სურვილი, არამედ ის, რომ „ასეთი პაციენტები უსამართლოდ არიან წამგებიან მდგომარეობაში და კორონავირუსის ინფექციის რისკის ქვეშ, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი დამოუკიდებელი მიმწოდებლის პირველად დახმარებას ამჯობინებენ“.

წყარო:https://www.ft.com/content

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები