იდეალური მაკიაჟი პირბადესა და „ზუმში“ არ ჩანს – როგორ შეიცვალა ადამიანების მოთხოვნები პანდემიის დროს

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მთელ მსოფლიოში, თითქმის, უკვე ერთი წელია, გრძელდება და როგორც ჩანს, არსებული ვითარების რეალურ შემსუბუქებას მხოლოდ ზაფხულში უნდა ველოდოთ. ამ დროის განმავლობაში ხალხმა სრულად შეცვალა საკუთარი საჭიროებები – ნაკლებად უვლიან საკუთარ თავს და მეტად ზრუნავენ სახლსა და კომფორტზე.

აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გაყიდვა 40%-ით შემცირდა. მათ, უბრალოდ, ვერსად იცვამენ, რადგან ვერსად დადიან.

სუპერმარკეტებმა ჯერ კიდევ წინა გაზაფხულზე მომარაგებული მზისგან დამცავი საშუალებები ვერ გაყიდეს. პროფესიონალური კოსმეტიკისა და მაკიაჟის საშუალებების გაყიდვა 25%-ით შემცირდა. იდეალურად აქვს თუ არა ადამიანს გაკეთებული მაკიაჟი, პირბადესა და „ზუმში“ მაინც არ ჩანს.

მსხვილი დასავლური აუდიტორული კომპანიები და ბანკები მთელი წლის განმავლობაში ატარებდნენ მომხმარებელთა ბაზრის მონიტორინგს. მათი მტკიცებით, ფეხსაცმლის გაყიდვა 30%-ით შემცირდა, ხოლო ტანსაცმლის – საშუალოდ, 20%-ით. ერთ-ერთი საერთაშორისო შვედური ბრენდის, H&M-ის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს მათი გაყიდვები, საშუალოდ, 18%-ით შემცირდა.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ასეთი ტიპის საქონლის არჩევა და შეძენა ხალხს მაღაზიებში ურჩევნია, მაგრამ 2020 წლის მარტიდან მათ ამის საშუალება, თითქმის, არ ჰქონდათ.

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა შეცვალეს პროდუქტების ყიდვის საშუალებები და სხვდასხვა ჩვევაც. ონლაინშეკვეთები 9%-დან 60%-მდე გაიზარდა, ამიტომაც სუპერმარკეტები დატვირთვას ვერ აუდიან.

10%-ით გაიზარდა ხორცის გაყიდვის მაჩვენებელი, ვინაიდან ადამიანებმა სამსახურებში გამოსაკვებად კაფეებში და რესტორნებში ე.წ. ლანჩების ყიდვა შეწყვიტეს და სადილს ახლა სახლში ამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ მკვეთრად გაიზარდა ახალი ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების ყიდვის ტენდენციაც. ანომალიური მოთხოვნა დაფიქსირდა სახლის დასასუფთავებელ ხსნარებზე და ჭურჭლის სარეცხ მანქანებზე.

მკვლევრებმა, ასევე, აღმოაჩინეს, რომ დიდ ბრიტანეთში 2 მილიონით ნაკლები სხეულის ანტიპერსპირანტი გაიყიდა. იმის დადგენა, თუ რატომ გაიყიდა გასულ წელს 28 მილიონი ფუტით ნაკლები კბილის ჯაგრისი, მკვლევარებმა ვერ შეძლეს.

იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიცვლება აღნიშნული ტენდეციები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ჯერჯერობით შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები