ეკატერინე დგებუაძე: 5 წლის შემდეგ უფრო მაღალი კვალიფიკაციის მაგისტრი მასწავლებლები გვეყოლება
უნივერსიტეტებში მომზადების სამაგისტრო პროგრამა დაიწყო და 5 წლის შემდეგ უფრო მაღალი კვალიფიკაციის მაგისტრი მასწავლებლები გვეყოლება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის “დღის კურიერში” განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა სისტემის ახალი მასწავლებლებით განახლება.
“განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს, რომ სისტემის განახლება ახალი მასწავლებლებით მოახერხოს. ჩვენ ამის შეფასება გავაკეთეთ, დავითვალეთ მასწავლებლები ყველა საგანში და მათი საათების გადანაწილება. დეფიციტებიც განვსაზღვრეთ და კარგი არის ის, რომ ერთი მხრივ უნივერსიტეტებში დაიწყო მასწავლებლების მომზადების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც 5 წლიანია.
5 წლის შემდეგ გვეყოლება უფრო მაღალი კვალიფიკაციის მაგისტრი მასწავლებლები. ყოველწლიურად ხდება მასწავლებლების 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა. მაგალითად, თუ მე მინდა ქართულის მასწავლებელი გავხდე, ვაბარებ ამ საგანს და ვადასტურებ, რომ ვიცი ქართული ენა და ლიტერატურა, ამ საბუთით უნივერსიტეტში 1 წლით 60 კრედიტიან პროგრამას გავდივარ და მიენიჭება მასწავლებლის პროფესია,”- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.