პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა, 4 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება, ძირითადად, დარგობრივ პოლიტიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე, კომიტეტის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში დამკვიდრებული სტერეოტიპები, თითქოს სპორტი მხოლოდ სპორტსმენების და სპორტული ფედერაციების საქმეა, ხოლო ახალგაზრდული პოლიტიკა მხოლოდ გასართობი და შემეცნებითი პროექტების განხორციელებით შემოიფარგლება და ამისათვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებების მხრიდან.
მისი თქმით, დღეს სპორტის უნიკალური როლი არ არის ასახული სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებსა და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების მიდგომებში და ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს.
„ჩვენ უნდა შევძლოთ სპორტის უზარმაზარი პოტენციალის და მისი დიდი როლის გამოყენება: ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის განმტკიცების, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკის გაზრდის, რეგიონების და ქალაქების მდგრადი განვითარების, ასევე საზოგადოებისთვის ცხოვრების სხვა ასპექტების გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდული პოლიტიკა და ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარება. ამისათვის კი საჭიროა შეიცვალოს ახალგაზრდული პოლიტიკისადმი არსებული მცდარი დამოკიდებულება და მიდგომები.
„შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც უზრუნველყოფილია ახალგაზრდების პოტენციალის განვითარება, მათი აქტიური მონაწილეობა საზოგადოებაში, ღირსეული დასაქმება და კეთილდღეობა. ახლო მომავალში, კომიტეტი შექმნის ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტდება სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვა დაინტერესებული პირებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მოსახლეობის სპორტული და ფიზიკური აქტივობის დონის გაზრდის მიზნით, უახლოეს მომავალში კომიტეტი მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ შეიქმნას ინტერ-ინსტიტუციური საბჭო (მთავრობის და პარლამენტის წევრების შემადგენლობით) და მასთან ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საბჭოს ეგიდით ჩამოაყალიბებენ საქართველოში სპორტის განვითარების სტრატეგიას და შესაბამის სამოქმედო გეგმას, რომლის გამოყენებით უნდა უზრუნველყონ სპორტის პოტენციალის სრული გამოყენება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, რადგან კომიტეტის ხედვაა ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სპორტი ემსახურება ადამიანს, საზოგადოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, 2020 წელს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად კომიტეტმა „ქართულ სპორტში კარგი მმართველობის კოდექსის“ პროექტი მოამზადა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ფედერაციების საქმიანობის გამჭვირვალობა, დემოკრატიული პროცესები, შიდა ანგარიშვალდებულება და სოციალური პასუხისმგებლობა.
„სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს სპორტის პოტენციალი და ხელი შეუწყოს სპორტის გამოყენებას საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები