რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის რეგისტრაციის საკითხზე საჯარო რეესტრში ზეპირი მოსმენა დასრულდა
რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის რეგისტრაციის საკითხზე საჯარო რეესტრში ზეპირი მოსმენა დასრულდა.
პრეზიდენტობის კანდიდატს, გამგეობის წევრებს, გამგეობის წევრობის კანდიდატებს, ასევე, დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ პირებს, ჯამურად, 27 დაინტერესებულ პირს გაეგზავნა ზეპირი მოსმენის მოსაწვევი.
მოწვეულ პირთაგან ზეპირ მოსმენაზე 13 დაინტერესებული პირი გამოცხადდა და მათ მიეცათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ირაკლი აბუსერიძემ განცხადებით, 2021 წლის 6 იანვარს მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო მისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის” პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია.
როგორც საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციით გაირკვა, „საქართველოს რაგბის კავშირმა” პირველი კრება 2020 წლის 24 თებერვალს ჩაატარა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო კრება და, შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევნები ვერ შედგა. ასეთ დროს წესდება უშვებს პირველ კრებაზე წარმოდგენილი საკითხების განმეორებით კრებაზე განხილვის შესაძლებლობას, რომელიც პირველი კრების გამართვიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარდეს. მიუხედავად ამ მოთხოვნისა, ირკვევა, რომ განმეორებითი კრება არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა. სწორედ ეს გახდა ირაკლი აბუსერიძის განცხადების წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირს 30 დეკემბერს კვორუმის არარსებობის გამო თებერვალში ჩაშლილი კრების განმეორებითი კრების ნაცვლად წესდებით გათვალისწინებული მორიგი კრება რომ ჩაეტარებინა, მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დადგებოდა. სხვაობა კი ისაა, რომ პრეზიდენტის არჩევის მიზნით ჩატარებული ჩვეულებრივი მორიგი კრება უფლებამოსილია, თუ ფიქსირდება ნამდვილ წევრთა ხმების 2/3 მაინც, ხოლო განმეორებითი წესით ჩატარებისას კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მხოლოდ ნახევარი, 1/2 მაინც, ანუ ასეთ დროს პრეზიდენტად არჩევისათვის ხმების შედარებით ნაკლები რაოდენობაა საჭირო.
ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეზიდენტის არჩევასთან ერთად, განცხადებით მოთხოვნილი იყო გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ დარღვეული იყო განმეორებითი კრების მოწვევის ვადები, არსებობს წარმოების შეჩერების კიდევ ერთი საფუძველი. კერძოდ, წესდების მიხედვით, არ შეიძლება განმეორებით კრებაზე განიხილონ ისეთი საკითხი, რაც პირველი კრების დღის წესრიგში არ ყოფილა. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, გამგეობის წევრების არჩევა 24 თებერვალს ჩატარებული კრების დღის წესრიგში არ შედიოდა. შესაბამისად, დეკემბრის კრება ვადაში და წესდების დაცვითაც რომ ჩატარებულიყო, ის არ იყო უფლებამოსილი, განეხილა გამგეობის წევრების არჩევის საკითხი.
2021 წლის 22 იანვარს ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი, სადაც ის არ დაეთანხმა მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას. თუმცა, ირაკლი აბუსერიძეს სარეგისტრაციო სამსახურში ამ დრომდე არ წარმოუდგენია არცერთი საბუთი იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც არის სარეგისტრაციო დოკუმენტებში და რომლებიც უწყებამ არაერთხელ მკაფიოდ და გასაგებად განმარტა.
ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარსადგენად დაინტერესებულ მხარეს ვადა ხვალ დღის ბოლომდე აქვს. სარეგისტრაციო სამსახური საბოლოო გადაწყვეტილებას ირაკლი აბუსერიძის „საქართველოს რაგბის კავშირის” პრეზიდენტად რეგისტრაციის თაობაზე 8 თებერვალს მიიღებს, ხოლო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში გამოიტანს.