შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი – 2004 წელს დაბადებული გ.ხ. და 2003 წელს დაბადებული გ.ბ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,გამოძიებით დადგინდა რომ გლუვლულიანი სანადირო თოფითა და ცივი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარი“-ის მოლარეებს თანხა მოსთხოვეს, ხოლო ბრალდებულმა გ.ხ.-მ მაღაზიაში შესვლისთანავე იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა.
გ.ხ.-მ და გ.ბ.-მ მაღაზიის მოლარეს 300 ლარამდე თანხა წაართვეს, რის შემდეგაც მიმალვას შეეცადნენ, რა დროსაც მაღაზიის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა.
სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცების სახით, დანაშაულის ჩადენის იარაღები – გლუვლულიანი სანადირო თოფი და დანა ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს,”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შსს, სამართალი, ყაჩაღობა