აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ჩარლზ რიჩარდმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის გამოცემის თებერვლის ნომრისთვის სტატია დაწერა, რომელშიც რუსეთიდან და ჩინეთიდან მსოფლიოსთვის მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
კერძოდ, ადმირალი აღნიშნავს, რომ “ცივი ომის” დასრულების შემდეგ ეს ქვეყნები არნახულ ინსტრუმენტებს იყენებენ, რომლებიც საერთაშორისო ნორმებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
რიჩარდი საუბრობს იმაზე, რომ, რეგიონული კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, ამ ქვეყნების მთავრობები ჩვეულებრივი იარაღის პოტენციალის ამოწურვის შემთხვევაში შესაძლოა, ბირთვულ იარაღზე გადავიდნენ, რაზეც ვაშინგტონმა პასუხი უნდა გასცეს.
“აქტიური კონკურენცია უნდა გავუწიოთ, რომ მათი აგრესია შევაკავოთ; მათი ინიციატივებისთვის დათმობის გზით სიარული მათ წარმოდგენას გაამყარებს, რომ თითქოს შეერთებულ შტატებს არ სურთ ან არ შეუძლიათ პასუხის გაცემა”, – წერს რიჩარდი.
პენტაგონის მაღალჩინოსანი პოტენციურ საფრთხეებზე საუბრისას კიბერთავდასხმებსა და კოსმოსში გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას. ამ კონტექსტში მან რუსეთის მიერ საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტების საიტებზე განხორციელებული კიბერშეტევა გაიხსენა.
“გარდა იმისა, რომ რუსეთი აფართოებს ბირთვულ პოტენციალს და ავითარებს იარაღს, ეს არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც მას მსოფლიოსთვის მოაქვს. რუსეთი მუდმივი გამოწვევაა კიბერსივრცეშიც, რაზეც მეტყველებს საქართველოს სამთავრობო საიტებზე გასულ წელს განხორციელებული თავდასხმა, ასევე, აშშ-ის სამთავრობო სისტემებში ბოლო დროინდელი შეღწევა. როგორც ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რუსეთის ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, წარმოჩნდეს, როგორც პასუხისმგებლიანი მოთამაშე კიბერსივრცეში.”,-წერს ჩარლზ რიჩარდი.