საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატები არ შეუწყვიტა. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შესვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო, ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას.