ალეკო ელისაშვილი: პარლამენტამდე მოსასვლელი გზა არ იყო მარტივი, თუმცა, ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით
“პარლამენტამდე მოსასვლელი გზა არ იყო მარტივი. იცით, რაც გამოვიარეთ მე და ლევან იოსელიანმა და ჩვენმა პარტიამ, ვიდრე აქამდე მოვიდოდით”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდთან გაფორმებული მემორანდუმი საქართველოს პერსპექტივაა.
„ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით აქ იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი, ვისზეც ვლაპარაკობდით, გათავისუფლებულია და ბოლოს მე და ლევანი შემოვრჩით მოლაპარაკებების მაგიდას და იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა ორი ადამიანი.
ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში არის ამ ქვეყნის პერსპექტივა. პირველ ყოვლისა, ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევასა და ამაზე მუშაობას. მემორანდუმში არის ძალიან ბევრი პუნქტი ჩამოთვლილი.
ერთადერთ საკითხს, სრულად პროპორციულს სჭირდება 113 ხმა და იმ ერთადერთ საკითხზე მაინც შემოვიდეს ოპოზიცია, თუ უნდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი. სრულად პროპორციულისთვის ჩვენ ერთი წელი ვიბრძოდით ქუჩაში და ახლა ეს მაგიდაზე დევს. ახლა ეს ოპოზიციის იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხია, ვინც უნდა შემოვიდეს- თუ მართლა გულწრფელად იბრძოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენ, პირველ ყოვლისა, შემოვედით მემორანდუმის პუნქტების კანონად ქცევისთვის. იქ ვადაც კი ჩავაწერინეთ „ქართულ ოცნებას“. თუ პირველ მარტამდე არ მოხდება ამის საკანონმდებლო ინიცირება, ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს. ასევე, იქ წერია, რომ საკანონმდებლო ინიცირების შემდეგ, პირველ მაისამდე უნდა დამტკიცდეს თითის ანაბეჭდით ხმის მიცემა, რაც გამორიცხავს ჯოჯოხეთურ სიტყვას – „კარუსელს“, „ლაივსტრიმ“ კამერების ჩართვა, ყველა საარჩევნო ბიულეტენის დაშტრიხვა. არჩევნები, რომ პატიოსნად ჩატარდეს, პირველ ყოვლისა, ამისთვის შემოვედით ერთი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.