შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ცდილობს, რომანტიკული შეფუთვით შემოგვაპაროს სიტყვები – რევოლუცია, აჯანყება

“ჩვენს ოპონენტებს არ სურთ, რომ იყოს პარლამენტარიზმი და არ სურთ, იყვნენ პოლიტიკური პროცესების მონაწილე, მათი სურვილია მხოლოდ ძალაუფლება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას რევოლუცია და აჯანყება სურს.

“ხვალ, 2 თებერვალს არის გარკვეული გზაგასაყარი, მაგრამ ეს ჩვენთვის არ არის, რადგან ჩვენ დიდი რესურსი გვაქვს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებების. საქმე ისაა, ჩვენი ოპონენტები ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და ხვალ ნამდვილად არის ოპოზიციისთვის გზაგასაყარი. კერძოდ, ისინი დაუბრუნდებიან თუ არა ხვალ დემოკრატიულ კალაპოტს, თუ დარჩებიან იმ ანტიდემოკრატიულ და ძალადობისკენ მიმავალ კალაპოტში. ისინი ცდილობენ რომანტიული შეფუთვით შემოგვაპარონ სიტყვები – რევოლუცია, აჯანყება და ა.შ. ეს ხომ არაფერია სხვა, თუ არა ძალადობრივი სცენარისთვის მზადება. ჩვენს ოპონენტებს არ სურთ, რომ იყოს პარლამენტარიზმი და არ სურთ იყვნენ პოლიტიკური პროცესების მონაწილე, მათი სურვილია მხოლოდ ძალაუფლება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათ 31 ოქტომბრის არჩევნებისგან არ სურდათ გაეგოთ, ამა თუ იმ პარტიას რამდენი პოლიტიკური წონა აქვს, გამოჩნდა, რომ მათ მხოლოდ ძალაუფლება სურდათ”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები