სოფო ჯაფარიძე, “მედგიდის” დამფუძნებელი და სხვა ახალი სახეები – ვინ არიან ნიკა მელიას გუნდის ახალი წევრები

“ნაციონალური მოძრაობის” ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ახალი წევრები წარადგინა.

პარტიას 12 ახალი წევრი ჰყავს, რომლებიც ნიკა მელიამ საზოგადოებას ვიდეორგოლით გააცნო.

გიორგი ჩალაძე

1) გიორგი ჩალაძე – გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი;

2) ნონა მამულაშვილი – 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია.”

კავკასიის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ნონა მამულაშვილი რამსფელდის ცენტრალური აზია-კავკასიის 2019 წლის შემოდგომის პროგრამის გამარჯვებულია.

ნონას აქვს 10 წელზე მეტხნიანი სამუშაო გამოცდილება კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორებში. ნონა მამულაშვილი ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში (საქართველო), ვესტმინსტერის უნივერსიტეტის დიპლომატიურ კვლევებში მაგისტრის ხარისხს (ლონდონი/დიდი ბრიტანეთი), ასევე, აქვს სორბონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი არაბულ და ისლამურ კვლევებში (პარიზი/საფრანგეთი), არის სორბონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი (საფრანგეთი/აშშ).

ნონა მამულაშვილი არის საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტი საქართველოში.

მას აქვს მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება ისეთ წამყვან საერთაშორისო კორპორაციებში, რომლებიც შედიან Forbes-ის ტოპ 500 კომპანითა ჩამონათვალში. ასევე, იყო Pfizer– ის რეგიონული ბაზრის დირექტორი და ქვეყნის მენეჯერი კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში.

ნონა მამულაშვილი  იყო საქართველოს პრეზიდენტის ანალიტიკური ჯგუფის უფროსი მრჩეველი, მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო პოლიტიკური ანალიტიკოსი.

ნიკა ობოლაძე

3) ნიკა ობოლაძე – იურისტი, ,,მთავარი არხის” ანალიტიკოსი;

4) ბაჩო დოლიძე – მარკეტინგის მაგისტრი, 2013 წელს ვაკის რაიონის გამგებლად დაინიშნა; იკავებდა თბილისის მერიის პრესსპიკერის პოსტს;

5) ბარბარა ჯიმელი – საერთაშორისო პოლიტოლოგიის მაგისტრი, პედაგოგი. საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით შვეიცარიელი, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს;

6) რეზო ჩომახიძე – დიპლომატიური ეკონომიკის მაგისტრი, ყოფილი წყალბურთელი და ეკონომიკური სფეროს სპეციალისტი;

1989-1993 წლებში თბილისის ”დინამოში” გამოდიოდა, იყო ”რარი ნანტესის” (იტალია, 1993-1997), მოსკოვის ”დინამოს” (1997-2000), ”პრო რეკოს” (იტალია, 2000-2001) ზაგრების (ხორვატეთი) ”მლადოსტის” (2001-2004) წევრი, 2004 წლიდან ჩეხოვის (მოსკოვის მიმდებარე) ”შტურმი 2002-ში” თამაშობს. 1997 წელს რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. მომდევნო წელს კეთილი ნების თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავა, 2000 წლის სიდნეისა და 2004 წლის ათენის ოლიმპიადებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა 2002 წელს მსოფლიო ლიგის თამაშები და მსოფლიოს თასი მოიგო. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის დიპლომატიური აკადემია.

7) ანა გოგოლაძე – საჯარო მმართველობის მაგისტრი, მოწვეული ლექტორი ,,საქართველოს უნივერსიტეტში” – უძღვება მიკროეკონომიკის პრინციპებისა და მაკროეკონომიკის პრინციპების კურსებს;

სოფო ჯაფარიძე

8) სოფო ჯაფარიძე – ექიმი-სტომატოლოგი, ლექტორი, მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კათედრაზე. ფეისბუქჯგუფ „მედგიდის“ დამფუძნებელი. ექიმები მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხობენ. ეს ჯგუფი განსაკუთრებით ეხმარება კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს. მასში უკვე 60 ათასამდე ადამიანი არის გაწევრიანებული. ისინი მათი სიმპტომების შესახებ კითხვებს სვამენ, ექიმები კი მათ კონსულტაციას უწევენ.

9) ზვიად ქვლივიძე – ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი; 2017 წელი – სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულების ხელმძღვანელი; 2018 წელი – სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

10) გიორგი თარგამაძე – ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი;

11) მანუჩარ ახალაია – სამართალმცოდნეობის მაგისტრი;

12) გიორგი ხვედელიანი – პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორანტი.

2015 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიაში. 2015 წლიდან ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მაგისტრატურაში აგრძელებს სწავლას. 2011-1012 წლებში სწავლობდა რიგაში, პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით.

2015 წლის დასაწყისიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ამავე უნივერსიტეტშია მოწვეული პედაგოგის პოზიციაზე. 2015 წლიდან ასევე მუშაობს სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტში ასისტენტის პოზიციაზე

ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ დეკემბრის ბოლოს აირჩიეს. მან პარტიაში ცვლილებები და სიახლეები დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები