ლევან გოთუას ხსოვნის დღე
30 იანვარი ლევან გოთუას გარდაცვალების დღეა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი, ლევან გოთუას საზოგადოების თავმჯდომარე ივანე ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს,
„2016 წლის 12 სექტემბერს, ლევან გოთუას სახელობის სკვერში (გოთუას ქუჩის ბოლოში), საინიაციატივო ჯგუფის აქტიურობითა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საზეიმოდ გაიხსნა ლევან გოთუას ძეგლი-მემორიალი, რომლის ავტორია მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილი. ეს ძეგლი თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში არმაზში, ლევანი გოთუას ეზოში, მის საფლავზე იდგა. ხოლო მას შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 2005 წლის 15 დეკემბერს, ლევან გოთუას დაბადების 100 წლისთავზე მისი ნეშტი არმაზიდან მცხეთაში, სამთავროს ტაძრის ეზოში გადმოვასვენეთ, ძეგლი უფუნქციოდ დარჩა, თუმცა, 2016 წლის 12 სექტემბერს სკვერის გახსნასთან ერთად, აქვე დაიდგა აღნიშნული მემორიალი. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, თბილისის მერიისა და მთავრობის წევრები. საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით, დაწესდა ლევან გოთუას ხსოვნის დღე, რომელიც ყოველი წლის 30 იანვარს – ლევან გოთუას გარდაცვალების დღეს აღინიშნება.
პირველად, 2017 წლის 30 იანვარს, ძლიერი ყინვის მიუხედავად, უამრავი ხალხი შეიკრიბა ლევან გოთუას ხსოვნის მემორიალთან მისივე სახელობის სკვერში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ჩოხოსანთა საზოგადოების (თავმჯდომარე – კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორე) მიერ დაწესებული ლევან გოთუას სახელობის ღირსების სიგელი, ამ დღეს გადაეცა ღირსეულ პიროვნებებს ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის.
ლევან გოთუას ხსოვნის დღე ასევე ჩავატარეთ 2018-20 წლებში, მაგრამ, სამწუხაროდ, წელს, ამ დღეს ვეღარ აღვნიშნავთ პანდემიის გამო, მაგრამ გვწამს, ბატონი ლევანის შემოქმედების თაყვანისმცემლები, ოჯახის წევრებთან ერთად გაიხსენებენ და სათანადო პატივს მიაგებენ კლასიკოსი მწერლის, დრამატურგის, მთამსვლელის, მოგზაურის, ქართული კულტურისა და ისტორიის ძეგლთა დამცველის, დიდი საზოგადო მოღვაწისა და უზადო პიროვნების ნათელ ხსოვნას“, – წერს ივანე ჯაფარიძე.