უკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა ძებნაში გამოაცხადა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ძებნაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო კავშირების საკითხებში, ახრა ავიძბა გამოაცხადა.

ახრა ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაციის შექმნასა და სამხედრო ტყვეებს მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით მოპყრობაში.

ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ე.წ.უშიშროების სამსახური ავრცელებს.

“კონტრდაზვერვამ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქემ, 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნით ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას “ინტერნაციონალური რაზმი “პიატნაშკა”,- ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ახრა ავიძბა, იგივე “აფხაზი”, უშუალოდ მონაწილეობდა დონეცკის ტერიტორიაზე უკრაინის ძალოვანების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში, ასევე ის არაადამიანურად ეპყრობოდა და აწამებდა ტყვედ აყვანილი უკრაინელ სამხედროებს, და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებით იყო დაკავებული.

ახრა ავიძბა 1986 წლის 27 იანვარს, სოჭში დაიბადა, ოკუპირებულ აფხაზეთში საცხოვრებლად 2011 წელს გადავიდა.

2014 წელს ის, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში მოხალისედ ჩავიდა და ინტერნაციონალურ ბატალიონს ხელმძღვანელობდა. 2015 წლის თებერვალში, მან თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკის გმირის ჯილდო მიიღო.

2017 წელს მან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნულ საკრებულოში (ე.წ.პარლამენტი) დამოუკიდებელ დეპუტატად, სოხუმის ოლქიდან იყრიდა კენჭს, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა.

ახრა ავიძბა 2019 წლის ნოემბერში, სოხუმის ცენტრში, კაფე სან-რემოსთან დაცხრილული ე.წ. კანონიერი ქურდის ალხას ავიძბას ნათესავია. 2 დეკემბერს, ავიძბას ნათესავებმა ე.წ.შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. იმავე დღის ბოლოს, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. შს მინისტრი და ე.წ. გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნა.

2020 წლის ივნისში ის ასლან ბჟანიას ე.წ.საერთაშორისო კავშირების საკითხებში თანაშემწედ დაინიშნა, თუმცა იმავე წლის ნოემბერში ე.წ. თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები