თინა ბოკუჩავა: ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების საკითხით პოლიტიკური სპეკულირება ამორალურია

“მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარებას აზრი ექნება, თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნის ლეგიტიმურობას გააცნობიერებს, ეს ეხება მათ შორის პოლიტპატიმრებს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების საკითხით პოლიტიკური სპეკულირება ამორალურია.

„ამ სპეკულაციებს ყველაზე მტკიცე და ცხადი პასუხი გუშინდელ ეთერებში თავად ივერი მელაშვილმა გასცა, როდესაც მან თქვა, რომ ურჩევნია – ციხეში დაბრუნდეს, ვიდრე ვინმემ გამოიყენოს მისი გათავისუფლება, სიტყვა გატეხოს და პარლამენტში შევიდეს. ამაზე ცხადად ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ განმარტავდა, რაოდენ ამორალურია ამ ადამიანისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების საკითხით პოლიტიკური სპეკულირება.

ჩემი აზრით, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარებას აზრი ექნება, თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნის ლეგიტიმურობას გააცნობიერებს, ეს ეხება, მათ შორის, პოლიტპატიმრებს. ახლა ყველაზე მწვავედ გიორგი რურუას საკითხი დგას, რომელის გათავისუფლების ვალდებულება ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს. ასევე, ვადამდელი არჩევნების ან პლებისციტის დანიშვნის საკითხი, რომელიც არ მისცემს ოთხწლიან ლეგიტიმაციას მოპარული არჩევნებით ფორმირებულ პარლამენტს და საარჩევნო რეფორმას. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნის ლეგიტიმურობას თუ არ გაიაზრებს, პარლამენტში მარტო დარჩება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები