იაგო ხვიჩია: იმედი მაქვს, ილიჩოვა და მელაშვილი გათავისუფლდებიან – მგონია, კარგი ჟესტია მოლაპარაკების პროცესში
“იმედი მაქვს, რომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები გათავისუფლდებიან”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “დავით გარეჯის” თემაზე დაკავებულთა საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესში კარგი ჟესტი იქნება.
“იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდებიან, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს პროკურატურის განცხადებიდან. მგონია, კარგი ჟესტია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლაპარაკების პროცესში, რომ შეიცვალოს ან განიმუხტოს სიტუაცია”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.