“მიუღებელია პრეზიდენტ პუტინის შეურაცხყოფა” – რუსეთის დელეგაცია ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დატოვებით იმუქრება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციამ ასამბლეას შეატყობინა, რომ, მათი უფლებამოსილების შეზღუდვის შემთხვევაში, ისინი, 2014 წლის მსგავსად, სხდომათა დარბაზს დატოვებენ.

ამის შესახებ დელეგაციის ხელმძღვანელმა, პეტრე ტოლსტოიმ განაცხადა.

ასევე, ტოლსტოიმ თავმჯდომარეს მიმართა მოთხოვნით, რომ უკრაინულმა დელეგაციამ ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფა შეწყვიტოს, როგორც ეს ყოველთვის ხდება.

“დაუშვებელია ქვეყნის შეურაცხყოფა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფა. თავმჯდომარეს შეუძლია, ეს არ დაუშვას”, – თქვა მან.

რუსეთის დელეგაციას ასამბლეაში ხმის უფლება 2014 წლის აპრილში ჩამოერთვა ყირიმის ანექსიის შემდეგ, პროტესტის ნიშნად რუსებმა სესიებში მონაწილეობაზე უარი თქვეს, მოსკოვმა კი ევროპის საბჭოს ბიუჯეტში საწევროს შეტანაზე უარი თქვა. თუმცა, 2020 წლის იანვარში რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება სრულფასოვნად აღუდგინეს.

დასჯის თუ არა ასამბლეა რუსეთს მორიგჯერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი, რადგან რუსეთის უფლებამოსილების საკითხზე კომიტეტი უკვე განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით ერთი წლის თავზე კვლავ ხდება საკითხის დაყენება. ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად ჩვენ ვაპირებთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, მათ შორის, არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა, ჯერჯერობით, არ არის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები