პოლიციამ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 2 პირი (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. და 1980 წელს დაბადებული დ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 იანვარს ქალაქ რუსთავში მდებარე სუპერმარკეტ “ლიბრეში” კონსულტანტებს ცივი იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, თუმცა, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდამსხმელებმა ერთ-ერთ კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბრალდებულებმა სუპერმარკეტიდან 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები