მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატური იყოს მიდგომა უშუალოდ ნარკომომხმარებლების მკურნალობისა და სოციალური სერვისების შეთავაზების მიმართულებით
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე წინა კვირაში ინიცირებულ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატური იყოს მიდგომა უშუალოდ ნარკომომხმარებლების მკურნალობისა და სოციალური სერვისების შეთავაზების მიმართულებით.
„ვფიქრობ, ახალი კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან ეს არის „ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების და ეს გახლავთ მწყობრი და სამართლიანი, დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. კანონპროექტი თავისი არსით არის რამდენიმე ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებით ახალი რეგულაციების დამდგენი, რომლის თანახმადაც, დოზების მიხედვით იქნება განსხვავებული მიდგომები დაწესებული გარკვეულ სამართალდარღვევასთან მიმართებაში. ეს გააჩენს შესაძლებლობას, სხვადასხვა სიმძიმის და ხარისხის დანაშაულებთან მიმართებაში სამართლიანი და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირების გაჩენისთვის. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები მუდმივად და პერმანენტულად იდგმებოდეს და, მეორე მხრივ, მუდმივად გვახსოვდეს ის მთავარი პრიორიტეტები, რომელიც ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს დასახული. ეს გახლავთ მკაცრი ნარკოპოლიტიკის შენარჩუნება დანაშაულის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა, მაგალითად, ნარკოტიკების გასაღების დანაშაული. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატური იყოს მიდგომა უშუალოდ ნარკომომხმარებლების მკურნალობისა და სოციალური სერვისების შეთავაზების მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია ნარკოდანაშაულის ახალი გავრცელების ზოგადი პრევენცია- ახალი მომხმარებლების არქონა ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსური მიდგომა, რომელსაც საჭიროებს ზოგადად ეს დარგი, კვლავაც გაგრძელდეს. ამ მიმართულებით გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯს წარმოადგენს ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა გუშინწინ ბიურომ და, შესაბამისად, უახლოეს მომავალში დაიწყება დისკუსია მის ირგვლივ. იმედი მაქვს, რომ ის პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.