„ხელოვნური ინტელექტი და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის მომავალი“ – საქპატენტში ონლაინ ტრენინგი გაიმართა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სათავო ოფისში, საქპატენტისა და სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის მომავალი“.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისათვის სასაქონლო ნიშნების სამართლისა და ექსპერტიზის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობების, მათ შორის, სამართლებრივი, ეთიკური და პრაქტიკული ასპექტების გაცნობა.
ღონისძიება საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გახსნა, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის მზარდ გავლენაზე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციური სამუშაო პროცესების დანერგვასა და საქართველოს პრაქტიკის სრულ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.
საერთაშორისო ექსპერტებმა გერმანიიდან, შვედეთიდან და შვეიცარიიდან ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის სამართლის პრაქტიკაში თანამედროვე მიდგომების შესახებ. ტრენინგის ფარგლებში, ასევე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები, AI-ის გავლენა „საშუალო მომხმარებლის“ კონცეფციაზე სასაქონლო ნიშნების სამართალში, ასევე ხელოვნური ინტელექტის როლი სასაქონლო ნიშნების იურისტების საქმიანობაში და დიდი ენობრივი მოდელების (LLM) გამოყენება განაცხადებისა და სამუშაო პროცესების მხარდაჭერისთვის.
ტრენინგს, საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლების გარდა, ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროს სპეციალისტები, სასაქონლო ნიშნების ექსპერტები, პატენტრწმუნებულები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაცია (INTA) საერთაშორისო არაკომერციული პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც დაფუძნდა 1878 წელს და დღესდღეობით აერთიანებს 6 600-ზე მეტ ორგანიზაციასა და 38 000-მდე პროფესიონალს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნიდან. ასოციაცია აერთიანებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედ კომპანიებს, იურისტებს, პატენტრწმუნებულებს, აკადემიურ წრეებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. მისი ძირითადი მიზანია სასაქონლო ნიშნებისა და ბრენდების ეფექტიანი დაცვის ხელშეწყობა და შესაბამისი სამართლებრივი სისტემების განვითარება საერთაშორისო დონეზე.
ზემოაღნიშნული ღონისძიების ფარგლებში INTA-ს ექსპერტების ცოდნისა და მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოში სასაქონლო ნიშნების სისტემის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.