გიგლა თამაზაშვილი: „სარწყავი წყლის საფასურს წყალმომხმარებლები გადაიხდიან მხოლოდ მომსახურების მიღების შემდგომ“

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი კახეთში, სოფელ ჩუმლაყში ატმის ბაღების მეპატრონეებს შეხვდა და მელიორაციის სექტორში მიმდინარე ცვლილებები გააცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრზე გიგლა თამაზაშვილმა ვრცლად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი საირიგაციო წყლის მომსახურების ახალი ტარიფებისა და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმზე.

გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა სუბსიდირების სქემაში ჩართვისთვის წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების მნიშვნელობაზე.

„იმისთვის რომ წყალმომხმარებლებმა შეძლონ სახელმწიფო სუბსიდიით სარგებლობა, აუცილებელია დროულად, სარწყავი სეზონის დაწყებამდე, მიმართონ „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს და გააფორმონ ხელშეკრულება“ ,- აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა. მან ასევე განმარტა, რომ სარწყავი წყლის საფასურს წყალმომხმარებლები გადაიხდიან მხოლოდ მომსახურების მიღების შემდგომ და არა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ვალდებულებებსაც, რომლებიც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ როგორც წყალმომხმარებლებს, ასევე კომპანიას ეკისრება.

აღსანიშნავია, რომ შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალმომხმარებლების ინფორმირების მიზნით და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, მსგავსი ფორმატის შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები