საერთაშორისო სავალუტო ფონდი: კორონავირუსის გამო, 2020-2025  წლებში მსოფლიო ეკონომიკა  22 ტრილიონ დოლარს დაკარგავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020-2025  წლებში, მსოფლიო ეკონომიკა დაკარგავს 22 ტრილიონ დოლარს. მათივე განცხადებით, ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება ვაქცინაციის პროცესი. ამ პერიოდში პანდემიასთან ბრძოლა ჯერ ისევ რჩება ნომერ პირველ პრიორიტეტად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს გლობალური ეკონომიკა 3.5%-ით  შემცირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეკონომიკური ზრდის წლევანდელი მოლოდინი კი დაახლოვებით 5.5%-ია. მასთან, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი იყო ძალიან მძიმე, ვაქცინაციის პროცესის დაწყებამ გააჩინა პოზიტიური მოლოდინები.

დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა- ინფიცირებულთა რაოდენობის გამო კი მთავრობაში თვლიან, რომ შეზღუდვების შემსუბუქების დრო არ არის.

ოფიციალური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში, უმუშევრობის მაჩვენებელი 5%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო წლების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვლის თვესთან შედარებით, დეკემბერში, კომპანიებისგან ხელფასს იღებდა 828 ათასი ადამიანით ნაკლები. „მონაცემების ანალიზის შედეგმა გვაჩვენა, რომ დეკემბრის თვეში 800 ათასზე ნაკლები ადამიანი იყო დასაქმებული, თებერვლის თვესთან შედარებით. ასევე, უფრო დეტალური მონაცემები ცხადყოფს, რომ დასაქმების მაჩვენებელი განსაკუთრებით მკვეთრად სწორედ ლონდონში იკლებს“, – განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელმა.

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 20 089 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 631 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 100 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა, რაც ევროპის მასშტაბით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯანდაცვის მინისტრ მეთ ჰენკოკის განცხადებით, ახლა როდესაც ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოებში 37 000 ინფიცირებულია განთავსებული, ხოლო ექიმები ფილტვის ვენტილატორების რეკორდულ რაოდენობას იყენებენ, შეზღუდვების შემსუბუქების დრო არ არის. 26 იანვარს, უელსში COVID-19-ით გარდაცვალების 467 ფაქტი დაფიქსირდა, რაც ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ლეტალობის ჯამური რაოდენობის 40%-ს შეადგენს.

ირლანდიის  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში  ლოქდაუნის ყველაზე მაღალი – მეხუთე დონის შეზღუდვები კიდევ 6 კვირით, 5 მარტამდე გახანგრძლივდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 5 მარტიდან, ქვეყანაში ზომები ეტაპობრივად მოიხსნება. მიმდინარე მეხუთე დონის შეზღუდვები ხანგრძლივდება კორონავირუსის ახალი შტამები გავრცელების შესაჩერებლად. „მე ვიმედოვნებ, რომ შემცირდება იმ ინფიცირებულების რაოდენობა, ვინც საავადმყოფოს პირობებში საჭიროებს მკურნალობას და შემსუბუქდება ზეწოლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებზე“, – განაცხადა მან. ინფორმაციისთვის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებების პაციენტები, პირველ ტალღასთან შედარებით, გაორმაგებულია.

25 იანვარს, ნიდერლანდების რამდენიმე ქალაქში კორონავირუსის შეზღუდვების, კერძოდ კი ღამის პერიოდში კომენდანტის საათის დაწესების მოწინააღმდეგეების მორიგი, რიგით მესამე აქცია გაიმართა. პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო და პოლიციამ საერთო ჯამში, 180-ზე მეტი პირი დააკავა.

ნიდერლანდებში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეგულაციების გამკაცრებას კოვიდის ახალი შტამების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, ნიდერლანდებში, პირველად ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი.

აშშ-ში, ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კოვიდის ახალი შტამები არის დამატებითი მღელვარების საგანი. მათი აზრით, რთულია მდგომარეობა იმ ქვეყნებშიც, რომლებიც კოვიდის ახალი შტამების გამოჩენამდე სიტუაციას ნორმალურად უმკლავდებოდნენ. შესაბამისად, დასაშვებია, რომ 42 შტატში ინფიცირების კლების ტენდენცია კვლავ შეიცვალოს, თუ მაღალი იქნება ახალი შტამების გავრცელება. ისინი ურჩევენ საზოგადოებას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო კონტაქტებისგან, შეზღუდონ მაღაზიებში სიარულის დრო და ყველგან ატარონ პირბადე. ასევე, ფაუჩის განცხადებით, შესაძლოა ორი ნიღბის ტარება კოვიდისგან თავდაცვის კიდევ უკეთესი საშუალება იყოს.

26 იანვრიდან, აშშ-ში შესვლისას, საერთაშორისო რეისების მგზავრებმა მაქსიმუმ 72 საათში, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი ან სამი თვის განმავლობაში გადატანილი COVID-19-ის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინონ. აღნიშნული სავალდებულო მოთხოვნაა 2 წელზე უფროსი მგზავრებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ქვეყანაში არ დაიშვებიან.

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13,202 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 982 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვრიდან  1 მარტამდე, ბელგიაში შესვლა და ქვეყნიდან გასვლა, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა, აიკრძალება. ამის მიზეზი, კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების შეკავებაა;26 იანვრის მონაცემებით, ბელგიაში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი მზარდია. 16-22 იანვრის შუალედში, ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი იყო 2 119, რაც წინა კვირასთან შედარებით არის 5%-იანი ზრდა. ასევე, 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლის 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

უკანასკნელ დღეებში, საფრანგეთში, ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზირების  სტატისტიკა მზარდია, რაც, ექსპერტების შეფასებით, საშიში ტენდენციაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა, ექსპერტები შიშობენ, რომ ახლოვდება კორონავირუსის მესამე ტალღის საშიშროება. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გამკაცრებული კომენდანტის საათი თავის შედეგს გამოიღებს და უფრო მკაცრი ზომების მიღება საჭირო არ იქნება. ასევე, ფინანსთა მინისტრის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კიდევ ერთი ლოქდაუნი გამოცხადდება, საფრანგეთის ეკონომიკა, 2021 წელს, ვერ გაიზრდება დაგეგმილი 6%-ით. საფრანგეთი კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით კი მე-7 ადგილზეა

25 იანვრის მონაცემებით, ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირების 38 682 და გარდაცვალების 257 ფაქტი გამოვლინდა (ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – ექსტრემადურა, ვალენსია, მურსია, კასტილია და ლეონი). აღნიშნული მაჩვენებლები იმის თქმის ალბათობას იძლევა, რომ ესპანეთში პანდემიის მესამე ტალღის პიკი 17 იანვარს უკვე დაფიქსირდა და ამჟამად ინფიცირების შემთხვევების კლება მიმდინარეობს. გალისიის რეგიონში შეზღუდვები გამკაცრდა. ბარები და რესტორნები დაიხურა. სოციალური ინტერაქცია მხოლოდ ოჯახის წევრებს შორის დაიშვა. შეზღუდვები რეგიონში სამი კვირის მანძილზე გაგრძელდება.

ავსტრია ევროპის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სავალდებულო გახადა ე.წ. სამედიცინო პირბადის (FFP2) ტარება. ყველა მოქალაქე, 14 წელს ზემოთ, ვალდებულია სამედიცინო პირბადე  დეკემბრის დასაწყისში, ავსტრიაში, დასრულდა მეორე ლოქდაუნი და წინა საშობაო პერიოდისთვის გაიხსნა მაღაზიები, რამაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაამძიმა. ასევე, ქვეყანაში გავრცელდა ე.წ. კოვიდი ბრიტანული შტამი, რასაც მოყვა რეგულაციების კავლავ გამკაცრება და 26 დეკემბერს ქვეყანაში მესამე ლოქდაუნი გამოცხადდა.

26 იანვარს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოქალაქეებს  15 აპრილამდე, ევროპის მასშტაბით, მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

26 იანვარს, ჩეხეთში COVID-19-ით ინფიცირების 6 910 და გარდაცვალების 63 ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემები ეპიდვითარების გაუმჯობესებაზე მიუთითებს, თუმცა მთავრობა ქვეყანაში განგაშის უმაღლესი – მეხუთე დონის შენარჩუნებას სულ მცირე თებერვლის შუა რიცხვებამდე გეგმავს; ჩეხეთის მთავრობის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში „ბრიტანული შტამის“ სწრაფი გავრცელება დაფიქსირდება, ჩეხეთში ზომები გამკაცრდება. მთავრობის პრიორიტეტი ჰოსპიტალურ სექტორში ინფიცირებულთათვის ადგილების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებაა.

ევროკომისია, ევროპის ქვეყნებს შორის მოგზაურობაზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესების ინიციატივაზე მსჯელობს და მოგზაურობის შეზღუდვას იმ კრიტიკულად მაღალი რისკის ქვეყნებთან განიხილავს, სადაც 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 500 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება. ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობაზე შეზღუდვები შესაძლოა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული რუკის მიხედვით დაწესდეს, სადაც ევროკავშირის რეგიონები ეპიდემიოლოგიური ვითარების მიხედვით, „მწვანედ“, „ნარინჯისფრად“, „წითლად“ ან „მუქ წითლად“ არის შეფასებული.

26 იანვარს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 18 241 და გარდაცვალების 564 ფაქტი გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები