ვლადიმერ ბოჟაძე: ნიკა გვარამია ოპოზიციურ ლიდერებს ყოველ კვირა პირდაპირ ეთერში ანგარიშს აბარებინებს, რამდენად ერთგულები არიან ,,ნაციონალური მოძრაობისა“

საპარლამენტო ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმების საკითხს პარლამენტი ამ კვირას უყრის კენჭს. რა სამომავლო გეგმა აქვთ ქუჩაში დარჩენილ პარტიებს, რამდენად შეძლებენ მცირე პოლიტიური ორგანიზაციები თავის გადარჩენასა და პოლიტიკაში დარჩენას, ამის შესახებ ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტს, ვლადიმერ ბოჟაძეს ესაუბრა:

-გასულ კვირას NDI-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობაში ოპოზიციური პარტიების ნდობის ხარისხი იკლებს. სავარაუდოდ, პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები, დროსთან ერთად, კიდევ უფრო მეტ თანამოაზრეს დაკარგავენ. როგორ უნდა გადაირჩინოს თავი ოპოზიციამ?

-NDI-ს კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის 31 ოქტომბერში მიღებული, ამომრჩეველთა ხმების ნაწილი დაკარგეს. ევროსაბჭოს საბოლოო საპარლამენტო დასკვნის მიხედვით, საქართველოში არჩევნები თავისუფალ, კონკურენტუანარიან გარემოში ჩატარდა. ამავე დასკვნაში მითითებული იყო ხარვეზებზე, რომლებიც საქარველოს ხელისუფლებამ უნდა აღმოფხვრას. ამისათვის პარლამენტში უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც უკვე მუშაობს ხარვეზების შესწავლისა და გამოსწორების საკითებზე. ამ საბოლოო დასკვნაში დასავლეთმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქართულ ოპოზიციას, შესულიყო პარლამენტში და ჩართულიყო პოლიტიკურ ცხოვრებაში.

-ახლადშექმნილი პარტიებისთვის, რომლებსაც არც დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ და არც – ფინანსები, ქუჩა რამდენად სერიოზული გამოწვევა იქნება გადარჩენისთვის ბრძოლაში?

-გიორგი ვაშაძის, მამუკა ხაზარაძის, ჯაფარიძის თუ მისი განაყოფებისთვის პარლამენტში შესვლა ჩიხური სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა. სამწუხაროდ, პოლიტიკოსობას მათ ერთი კაცის მონობა არჩიეს, რაც აისახა კიდეც მათ დაღმავალ რეიტინგზე. პარლამენტის ბოიკოტირება ჯერჯერობით ერთადერთ პარტიას, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. 2024 წლის არჩევნებამდე შესაძლოა, მხოლოდ ,,ნაციონალებმა“ და ,,ქართულმა ოცნებამ“ მიაღწიონ. კონკურენტი პარტიების გზიდან ჩამოშორებაც მხოლოდ ,,ნაციონალების“ ინტერესებშია და გასაოცარია, როგორ ვერ ხვდება ამას დანარჩენი ოპოზიცია.

-ვერ ხვდება თუ ,,ნაციონალური მოძრაობის,, მხრიდან შანტაჟის ეშინია?

-5%-იან ბარიერს 2024 წელს ოპოზიციიდან მხოლოდ ,,ნაციონალები“ გადალახავენ. მიუხედავად თავზე ნაგვის დაყრისა და მსგავსი ამაზრზენი პოლიტიკური მეთოდებისა, რაც მათ ამომრჩეველზე ნეგატიურად მოქმედებს, პარტიის რეიტინგი 15%-ს მაინც არ ჩამოსცდება. შესაძლოა, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მართლაც აქვს თითოეული მცირე პოლიტიკური პარტიის ლიდერის წინააღდეგ მაკომპრომატირებელი მასალა, რითაც ის საკმაოდ ოსტატურად მანიპულირებს ლიდერებზე დაგაწყვეტილების მიღების პროცესში. გარდა ამისა, საფიქრებელია, რომ 2024 წელში ის ლიდერებს, რომლებიც ახლა ,,ნაციონალების“ დაკრულზე იცეკვებენ და მომავალ არჩევნებში შანსი არ ექნებათ 5%-იანი ბარიერის გადალახვისა, ,,ნაციონალები“ საკუთარ სიაში ჩაწერას ჰპირდებიან და ამით ითანხმებენ.

-მცირე პარტიათა ლიდერები ხვდებიან ,,ნაციონალური უღლის“ სიმძიმეს და გაცნობიერებულად მიდიან ამ კაბალაზე?

-არ შეიძლება, ვერ ხვდებოდნენ, რა შარშიც არიან, თუმცა, რადგან 2024 წელს პარტიები პროპორციულად იყრიან კენჭს ყოველგვარი კოალიციებისა და ბლოკების გარეშე, ეტყობა, თავის გადარჩენის მიზნით, ,,ნაციონალების“ თამაშს თანხმდებიან. მომავალი 4 წლის პოლიტიკური კონფიგურაცია უკვე დღეს ლაგდება ამ პოლიტიკურ ვაჭრობაში. მაყურებელი ხედავს, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ორი აღიარებული ლიდერი ჰყავს: უკრაინაში სააკაშვილი და თბილისში – გვარამია. დაიბარებს გვარამია პარლამენტს მიღმა დარჩენილ პოლიტიკოსებს და პირდაპირ ეთერში ანგარიშს აბარებინებს, რამდენად ერთგულნი არიან ,,ნაციონალური მოძრაობის”. პარტიათა ლიდერები კი, იმის შიშით, რომ სააკაშვილმა საბოლოოდ არ მოიძულოს ისინი, ყველაფერში ეთანხმებიან გვარამიას ბოდვას.

-ოპოზიცია გვარამიას ტელებულინგს ვერ უძლებს?

-რასაკვირველია, ვერ უძლებს და ეს ნათლად ჩანს პირდაპირ ეთერში. პატივცემულ პოლიტიკოს ქალბატონს რომ იმას აკადრებ, ჯერ კიდევ საცივში გაქვს თავი ჩაყოფილი თუ ამოყავიო და ისიც გიპასუხებს: რა ხანია, ამოვყავიო – რაზეა საუბარი? გარდა პოლიტიკურისა, გასათვალისწინებელია მცირე პარტიათა ფინანსური პრობლემებიც, რადგან ფული მხოლოდ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, დანარჩენები მასზე არიან დამოკიდებულნი. უკვე ამ წელს თვითმმართველობის არჩევნებში, რომელშიც პარტიული ბლოკები ჯერ ისევ დაშვებულია, საფიქრებელია, რომ მთავარი პოლიტიკური პარტია სატელიტებს დაფინანსებასაც ჰპირდებოდეს, თუ ისინი პირობას შეასრულებენ და არ შევლენ პარლამენტში.

-პოლიტიკური ექსპერტები აშშ-ში არჩევნების წინ აცხადებდნენ, რომ ქართული ოპოზიციის გადაწყვეტილება მნიშნელოვნად იქნება დამოკიდებული ამერიკის მომავალ პრეზიდენტზე. დღეს ამერიკას ქართული ოპოზიციისთვის სასურველი პრეზიდენტი ჰყავს…

-კვლავ NDI-ს კვლევას დავუბრუნდეთ, რომელიც ძირითადად ამერიკელი დემოკრატების მიერ დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. ამიტომაც, მათი კვლევის შედეგები პირდაპირ ბაიდენის სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდება. NDI-ს კვლევა თუ ვინმეს დააზარალებს, ისევ ოპოზიციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრემიერისადმი ნდობა, პანდემიის ფონზე, მოსახლეობაში ორჯერაა გაზრდილი და ამ განწყობის შემობრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ოპოზიცია გაზაფხულს ელოდება და ფიქრობს, რომ უმძიმეს სოციალურ ფონზე ადვილი იქნება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. თუ 2020 წლის ჩაკეტვებს გავუძელით, გაზაფხულზე, როდესაც შეზღუდვები მოიხსნება, ეკონომიკა ამუშავდება და სოციალური ფონიც შემსუბუქდება, რევოლუციური განწყობები როგორღა შეიქმნება? ასე რომ, NDI-ს კვლევის შედეგები უმძიმესია ქართული ოპოზიციისთვის – მოსახლეობის 60% აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფებას, მის სამედიცინო სისტემას ენდობა, რაც ქვეყანაში რევოლუციურ სცენარს სრულიად გამორიცხავს.

– თითქმის ყველა ინტერვიუში ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები გაზაფხულზე სოციალურ ბუნტსა და არეულობას აანონსებენ.

-მამუკა ხაზარაძე ხშირად ამბობს, რომ ცხელი გაზაფხული გველის. კი ბატონო, ვეთანმები, გაზაფხულზე, ზამთართან შედარებით, ნამდვილად დაცხება, ტემპერატურა მოიმატებს, ოღონდ არა – პოლიტიკურად!

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები