“იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი შედგება და კონკრეტული შედეგით დასრულდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის პოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არარელევანტურია.
“რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისითაც არაფერი შეცვლილა, პირიქით – მგონია, რომ სურათი შეიცვალა იმ პოზიციის სასარგებლოდ, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში. რბილად რომ ვთქვათ, ოპოზიციის პოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით უბრალოდ არის არარელევანტური. მზად ვართ მომდევნო რაუნდისთვის. ჩვენი მოსაზრებები ცნობილია. ყველამ იცის, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი. იმის იქეთ ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც კონსენსუსის მიღწევა შეიძლება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. იმედი გვაქვს, რომ მეხუთე რაუნდი შედგება და კონკრეტული შედეგით დასრულდება. ეს შედეგი იქნება ის, რომ მთლიანად ოპოზიცია თუ არა, ერთი ნაწილი მაინც მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში”, – განაცხადა კახიანმა.