„ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, იმიტომ არიან ასეთი გაცეცხლებულები და გამწარებულები“ – გოგა ხაინდრავა

“ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, იმიტომ არიან ასეთი გაცეცხლებულები და გამწარებულები”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ვნახეთ ევროპის საბჭოს გუშინდელი დებატები და ანაგარიში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს თემა დაიხურა. საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა თავდება. ქართული და მსოფლიო საზოგადოებისთვის თემა დაიხურა, მორჩა, საქართველოში არჩევნები ჩატარდა. ჩვენ ისედაც კარგად ვიცოდით, რომ ეს ასეა. მელაძის, გვარამიასა და გრიგოლიას დონის მოაზროვნე უნდა იყო ადამიანი, რომ ჩათვალო 48 % აღებული ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს. ასეთი ჯერ ბუნებაში არ ყოფილა.
ყველა დანარჩენ შემთხვევაში ესაა ბრძოლა საკუთარ სახელმწიფოსთან. ჩვენ ამის მოწმენი ვართ. ესაა ყველაზე საგანგაშო და სახიფათო. ამ აბსოლუტურად უღირსი კამპანიის, თავდასხმის, ცილისწამების, შეურაცხყოფის ძირითადი ობიექტი ბიძინა ივანიშვილი იყო. მთელი ამ ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ამის მოწმენი ვიყავით, როცა ყოველი დღე იწყებოდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის ლანძღვით. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც აცრილი ვარ ამ ცილისწამებაზე, ტყუილსა და შეურაცხყოფაზე, რომელიც არაერთხელ აქვთ მოყენებული ჩემთვის, მე მაინც მიკვირს ასეთი მოთმინების. თავისი მოსვლით ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ უღირსობას, უტიფრობას ბრძოლა გამოუცხადა. საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილმა დაამარცხა კიდეც თავისი მოწინააღმდეგეები, იმიტომ არიან ასეთი გაცეცხლებულები და გამწარებულები. ეს რომ ასეა, ჩვენ ამის მომსწრენი ვიყავით რამდენიმე დღის წინ ტელესაროსკიპოს ეთერში, რომელსაც „მთავარი“ ჰქვია, სადაც ეს ვითომ ოპოზიციონერები როგორც დამნაშავე პიონერები ისხდნენ ამ აბსოლუტურად გადაგვრებული სუბიექტის, გვარამიას წინაშე და თავჩაღუნულები უსმენდნენ ცინიზმს, შეურაცხყოფას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ ვინ მართავს და რა მიზეზით იმართება საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობა”, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ ახალგაზრდები უკანონობას, ძალმომრეობას მიაჩვიოს.
„ჩვენს თაობაზე არ არის ეს მოძრაობა გამიზნული, ეს გამიზნულია ახალგაზრდებზე. ახალგაზრდებს მორალს უსპობენ. ცდილობენ, რომ ახალგაზრდები უკანონობას, ძალმომრეობას, უტიფრობას მიაჩვიონ. ესაა სახელმწიფოს ნგრევა. პირადულზე არასდროს გადავდივარ, მაგრამ ეს აღარაა პირადული, მშენებელი რომაა, გიორგი ვაშაძე, მას მამა კორონავირუსით დაეღუპა. თავად იზოლაციაში მყოფი, მიზნამიმართულად გავიდა აქციაზე მთავრობის სასახლის წინ. ეს გამოაცხადა როგორც დიდი გმირობა. ამით საფრთხე შეუქმნა ყველას, ვინც მის გარშემო იყო.
როგორც ხედავთ, ახალგაზრდების ხელით ხდება ყველაფერი. თავად არც მელია, არც სამადაშვილი, არც ბობოხიძე, არც უგულავა, არც ბოკერია არ არღვევენ ე.წ. კომენდატის საათს. ახალგაზრდებს უშვეებენ იქ. ისევე, როგორც თავად არ უტევენ პარლამენტის შენობას. თავად ნაგვის ყუთებს არ აცმევენ თავზე ადმიანებს. იმ კაცს ოჯახი, შვილები ჰყავს. წარმოიდგინეთ, თქვენს მშობელს ვიღაცა ნაძირალამ თავზე ნაგვის ყუთი რომ ჩამოაცვას, როგორ იცხოვრებთ , რა გრძნობა დაიბადება თქვენში”, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები