ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გადასროლის წინა დასკვნითი მომზადების მიზნით გერმანიაში გაემგზავრნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის“ მოსამზადებლად გერმანიაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, როლანდ ძნელაძემ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან გააცილა.
,,მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში ბაზა „შვარცენბორნზე” ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნით მომზადებას პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებში 5 თვის განმავლობაში გაივლიან. გერმანელი ინსტრუქტორების ხელმძღვანლობით, ქართული ქვედანაყოფი როგორც ოცეულის, ასევე ასეულის დონეზე, კომბინირებულ და სიტუაციურ სწავლებებში მიიღებს მონაწილეობას.
ქართველი მშვიდობისმყოფელები სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ. ქართული ქვედანაყოფი როტაციის წესით მე-3 ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების საკითხები და ოპერაციის რაიონის პატრულირება იქნება”, – ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.