„ლექსო, ამოგთქომ, ოხერო“ – 25 იანვარი მიხა ხელაშვილის დაბადების დღეა

1900 წლის 25 იანვარს ქართველი სახალხო პოეტი  მიხა ხელაშვილი დაიბადა.
დაბადების ადგილი: სოფელი ახადი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია (ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი).
1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის” წევრი იყო; 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.
გავრცელებული ვერსიით, საკუთარი დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით, დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მიუთითებლად.
ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო, ამოგთქომ ოხერო”, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, მის მშობლიურ ფშავში.
გარდაიცვალა  1925 წლის 25 იანვარს, 25 წლის ასაკში.

ლექსო ამოგთქომ
ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.
შენ, ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე…
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასა ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა.
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს,
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაახლინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაატირებსა,
მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა,
დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

მიხა ხელაშვილი

1919 წელი. ბარისახო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები