სსსტც „დელტას“, სს თბილავიამშენსა და უკრაინულ სამხედრო სამრეწველო კომპანია Motor Sich – ს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის Motor Sich-ის დელეგაციას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან უკრაინულ სამხედრო სამრეწველო კომპანიასთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

“Motor Sich – თან თანამშრომლობა სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზებას ისახავს მიზნად.  აღნიშნული საწარმო თავდაცვის ძალების კუთვნილი შვეულმფრენების ძრავებისა და რედუქტორების შეკეთებაზე უკვე მუშაობს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას კომპანიის ხელმძღვანელი, Motor Sich-ის პრეზიდენტი, ვერტმფრენების განვითარებისა და მოდერნიზაციის მთავარი დიზაინერი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, სსსტც „დელტას“ დირექტორი ზურაბ აზარაშვილი და Motor Sich-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

უკრაინული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, სს თბილავიამშენსა და უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპანია Motor Sich- ს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და ახალ საფეხურზე გადაიყვანს. მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას ისახავს მიზნად, პარტნიორები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ, რაც მრავალფუნქციური შვეულმფრენის Mi-8 ძრავების კაპიტალურ რემონტსა და მოდერნიზებას ითვალისწინებს.

Motor Sich-ი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 100 წელზე მეტია თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ძრავებს აწარმოებს. კომპანიის მიერ წარმოებულ ძრავებს სხვადასხვა ტიპის საფრენ აპარატებზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა იყენებს”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები