სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი არის ქუჩაში, ისინი იქ მუდმივად დარჩებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი არის ქუჩაში, 2012 წელს ისინი დავტოვეთ ქუჩაში და დარჩებიან ქუჩაში მუდმივად, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქუჩის აქციები ზოგადად დემოკრატიის ნაწილია, როცა ის კანონიერების ფარგლებში ჯდება და ხელს ოპოზიციას არავინ უშლის.

„ბოლო 8 წელი სწორედ იმით ხასიათდება, რომ ვერცერთხელ ოპოზიციამ ქუჩის მასშტაბური აქციების მოწყობა ვერ შეძლო. მაგალითად, რაც ხდებოდა 2007-ში, 2008-ში, 2009-ში, აღარ ვსაუბრობ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ 200-300-ათასიანი მიტინგები რომ ჩვეულებრივი ამბავი გახდა, მსგავსი რამ კი არა, 10 ათას კაცს ვერ მოუყარეს თავი, რადგან, ცხადია, უფრო რადიკალურ ქმედებებზე გადავიდოდნენ. არ დარჩა საერთაშორისო ასპარეზზე ვინმე, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა, რომ პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და შევიდნენ პარლამენტში. ქუჩის აქციები ზოგადად დემოკრატიის ნაწილია, როცა ის კანონიერების ფარგლებში ჯდება და ხელს მათ არავინ უშლის. ისიც არ მესმის, პარლამენტში შესვლა რატომ უშლის ამ აქციებს ხელს, მაგრამ თუ თვითონ ურჩევნიათ გარეთ იყვნენ, იყვნენ გარეთ. 2013 წელს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ დიდ შეკრებას აპირებდა, ერთი თვით ადრე აცხადებდნენ, რომ ხალხი დიდი ოდენობა მოვიდოდა, ცხადია, ვერავინ შეკრიბეს, მაშინ რაც ვთქვი, იმას გავიმეორებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი არის ქუჩაში. 2012 წელს ისინი დავტოვეთ ქუჩაში და დარჩებიან ქუჩაში მუდმივად, ვერასდროს ეღირსებიან ამ ქვეყნის მმართველობაში მოსვლას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები