გიორგი ტურაზაშვილი: რუსეთმა რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება აღიაროს და კომპენსაცია გადაგვიხადოს, საქართველოს ოკუპაციაც უნდა აღიაროს, რუსეთი საქართველოს მოვალედ დარჩება იქამდე, ვიდრე დაკისრებულ ვალს არ გადაიხდის

ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ მხარესთან დაკავშირებით ,,კვირა“ ადვოკატთა ასოციაციის გამგეობის წევრს, გიორგი ტურაზაშვილს დაუკავშირდა:

-ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ევროსასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე თქვა, რა იყო?

-სტრასბურგმა ქართული მხარის 12-მუხლიანი საჩივრიდან 8 დააკმაყოფილა. 1921 წელს, როდესაც საქართველოში მე-11 არმია შემოვიდა, დამოუკიდებელი საქართველოს კანონიერი მთავრობას ჯერ ქუთაისიდან, შემდეგ კი ბათუმიდან წერდა წერილებს ევროპას, რომ რუსეთმა საქართველო დაიპყრო და ეს არ ყოფილა ქვეყნის ნებაყოფლობითი გასაბჭოება რევოლუციის გზით. საქართველოს მაშინდელი მთავრობის ეს იურიდიული გადაწყვეტილება შემდგომში იმაში გამოადგა ქვეყანას, რომ ეცნოთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. ჯერ კიდევ 1921 წელს აფასებდა დამოუკიდებელი საქართველოს კანონიერი მთავრობა საკითხის იურიდიული მხარის მნიშვნელობა. წითელი რევკომი ჟორდანიას ბოლო წუთამდე სთხოვდა, დათანხმებოდა მათ მოთხოვნებს, სანაცვლოდ კი ეროვნულ ხელისუფლებას სიცოცხლის შენარჩუნებასა და ხელშეუხებლობას ჰპირდებოდა, სამაგიეროდ, 1921 წლის რუსული  ანექსია დღეს საქართველოს ოკუპაციად ვეღარ შეფასდებოდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შეფასდა, როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ადამიანის უფლებათა შელახვა. უკვე იურიდიულად დამტკიცდა ისიც, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია ნამდვილად საქართველოს ეკუთვნოდა.

-იმაში, რომ სამაჩაბლოს ტერიტორია ისტორიული საქართველო იყო, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა?

-მართალია, ამ მიწის ტერიტორიულ კუთვნილებაში იქამდეც არავის ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები იყო და მას იურიდიული მტკიცებულების ძალა არ ჰქონდა. საქართველო, როგორც დაზარალებული მხარე, სწორედ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ წარმოჩინდა. იურიდიულად დადასტურდა ისიც, რომ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიიდან რუსეთის მიერ მოხდა მოქალაქეთა გამოძევება, ქონების ხელყოფა, ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა, წამება. ჩემი აზრით, საქართველოს უახლეს ისტორიაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოწმეთა დაკითხვით იურიდიულად გამყარებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია.

-გუშინდელი რუსული მედია სავსე იყო რუსი პოლიტიკოსების კომენტარებით, რომლითაც ისინი თანამოქალაქეებს ულოცავდნენ სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვებას. ეს იყო რუს პოლიტიკოსთა მორიგი ფანდი, თუ მათ სიხარულს რაიმე იურიდიული საფუძველიც გააჩნდა?

-რუს იურისტებსა და პოლიტიკოსებს მოჰყავდათ ციტატები და ამონარიდები სარჩელის სამოტივაციო ნაწილიდან, მათივე მხარის მსჯელობიდან, რომელშიც რუსეთი საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა, თუმცა, არ უსაუბრიათ სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის 8 პუნქტში საქართველოს ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

-ესე იგი, რუსმა პოლიტიკოსებმა საკუთარი მოქალაქეები მოატყუეს?

-მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. აბა, ქართული მხარის სამოტივაციო ნაწილს ხომ არ წაიკითხავდნენ, რომელშიც მოთხოვნის მოტივაცია კიდევ უფრო მძაფრი და ემოციური იყო? ის, რომ საქართველოსთან ომში რუსული მხარე სტრასბურგმა ოკუპანტად ცნო, რუსმა პოლიტიკოსებმა საკუთარ მოსახლეობას დაუმალეს.

-ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი ვალდებულია, ქართულ მხარესა და იმ დაზარალებულებს, რომლებმაც ამ ომში ქონება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაკარგეს,  ზარალი აუნაზღაუროს, თუმცა, რუსული მხარე უარს ამბობს სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.

-რუსებს ჰყავთ ნიჭიერი იურისტები, რომლებსაც კარგად ესმით, რომ თუ რუსეთმა ქართულ მხარეს კომპენსაცია გადაუხადა, ეს მათი მხრიდან ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს. ამიტომ, ახლა ყველა შესაძლო ხერხით ცდილობენ, თავი აარიდონ ფულადი კომპენსაციის გადახდას.

-რა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ ევროსასამართლომ აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ვალდებულება?

-სასამართლო აღმასრულებლებად გვევლინებიან ევროპელი მინისტრები, რომლებიც უკავშირდებიან მოვალე მხარეს, ამ შემთხვევაში, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვენ მათგან თანხის გადახდას. უარის შემთხვევაში, მხარეს უწესდება სერიოზული სანქციები, რომელსაც განიხილავს ევროპარლამენტი. კონპენსაციის გადაუხდელობისას ქართულმა მხარემ შეუძლია, უჩივლოს რუსეთს როგორც ევროპარლამენტში, ისე – ევროსასამართლოში და მოითხოვოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. რუსეთი საქართველოს მოვალე იქნება იქამდე, ვიდრე დაკისრებულ ვალს არ გადაუხდის საქართველოს.

-რამდენად დააზარალებს ევროსასამართლოს დაკისრებული სანქციები რუსეთს?

-სახელმწიფოს დაუგროვდება ნეგატიური ქულები, რომელმაც შესაძლოა, რუსეთის გარიცხვაც კი გამოიწვიოს ევროპარლამენტიდან. ამ იუდირიულ გადაწყვეტილებას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც დღეს, ისე, მომავალში, როდესაც ჩვენ წინ გვაქვს ჰააგის სასამართლო, სადაც სერიოზულ როლს ითამაშებს სტრასბურგის გადაწყვეტილება. პოლიტიკური განცხადებებიდან საქართველო ახლა სრულიად სხვა, იურიდიულ დასაბუთებამდე მივიდა, რომ 2008 წელს რუსეთმა ნამდვილად მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, რუსეთი ჩვენი მოვალეა და ესაა უმნიშვნელოვანესი. ამ თემაზე ჩვენ უკვე იურიდიულად დადასტურებული დოკუმენტით ხელში, შეიძლება, ვისაუბროთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან დაწყებული, ჰააგის სასამართლოთი დამთავრებული. რუსეთს კი სხვა გზა აღარ დარჩება, გარდა იმისა, რომ აღიაროს საქართველოს ოკუპაცია, რაც გზას გაგვიხსნის ჩვენი კუთვნილი მიწების დასაბრუნებლად.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები