ლევან დავითაშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობის საკითხებზე ესაუბრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანთან, ოლგა ალგაეროვასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
როგორც ,,კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობის საკითხებს.
ლევან დავითაშვილმა გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა შეხვედრაზე გარემოსდაცვითი შეფასების კანონმდებლობის შემუშავებისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებებით UNECE-ის მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით UNECE-თან სამომავლო თანამშრომლობაზე.
მინისტრმა ოლგა ალგაეროვას ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და ნარჩენების მართვის სფეროში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
ოლგა ალგაეროვამ დადებითად შეაფასა ქვეყანაში გარემოსდაცვით სფეროში არსებული პროგრესი და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მხრიდან სამომავლო მხარდაჭერაზე ისაუბრა.
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანმა, ოლგა ალგაეროვამ აპრილში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის დაგეგმილ მინისტერიალზე, სადაც კომისიის წევრი სახელმწიფოები ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ, მინისტრი პირადად მიიწვია.