მალხაზ თოფურია: წიკლაურს ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარავინ აკონტროლებს და იმას ღრუტუნებს, რაც თავში აზრად მოუვა

მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდის წინ ოპოზიციური პარტიები საგანგებოდ ემზადებიან. მიუხედავად იმისა, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” პარტიული სია არ გააუქმა და საშუალება მისცა პარტიის არაწევრ დეპუტატებს, შესულიყვნენ პარლამენტში, პარტიის ლიდერები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

,,კვირა“ ,,პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტსაბჭოს წევრს, მალხაზ თოფურიას დაუკავშირდა:

-კარგა ხანია, ,,პატრიოტთა ალიანსს“ პოლიტიკური განცხადება აღარ გაუკეთებია. რატომ არ ჩანხართ?

– გამოვჩნდებით! თითქმის ყოველდღე გვაქვს შეხვედრები, კონსულტაციები. ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება, თუმცა, მალე გაიგებთ ჩვენს სამომავლო გეგმებს, პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობას არ ვაპირებთ.

– საერთო ოპოზიციურ გეგმებს როგორ შეაფასებდით?

– რა გეგმებს? ელისაშვილის გეგმაა, შევიდეს პარლამენტში, დანარჩენების – არ შევიდნენ. ესაა და ეს. სხვა კონკრეტულზე, ამ დრომდე, საუბარიც არაა.

– განხეთქილებამ ოპოზიციაში, რომელიც ელისაშვილისა და ხაზარაძის სატელევიზიო დაპირისპირებით დასრულდა, თქვენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

– ელისაშვილს ტყუილი არ უთქვამს ხაზარაძისთვის, თუმცა, ტელევიზია მაინც ცუდად მოექცა რესპონდენტებს. ხაზარაძე ძალიან შემეცოდა, რადგან ჟურნალისტები მას არასწორად მოექცნენ, თუმცა, ელისაშვილის გაცხარება შუა გადაცემაში მაინც ძალიან ტრაგიკომიკური იყო. თუ აქამდე მისთვის ხაზარაძე ,,ბატონი მამუკა“ იყო, ,,ახლა როგორ მოვიქცეთ, ბატონო მამუკა“ – ხაზარაძისადმი მისი მიმართვის ერთადერთი ფორმა იყო და ლამის კალთაში ეჯდა ,,ლელოს“ ლიდერს, მერე ხაზარაძე ,,მოულოდნელად“ გახდა ხალხის მწამებელი? როგორ ახერხებენ პოლიტიკოსები საკუთარი თავების უარყოფას, ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება. მოკლედ თუ შევაფასებთ ამ კონფლიქტს, შეიძლება ითქვას, რომ ელისაშვილმა სრული სიმართლე უთხრა ხაზარაძეს, თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მას ამ დებატში კაცური თვისებები არ გამოუმჟღავნებია.

-გასულ კვირას ნუგზარ წიკლაური საყოველთაო არეულობითა და ,,ქვეყნის გადაწვით“ დაგვემუქრა.

-დიდი ხანია, წიკლაურისთვის აღარავის უგინებია და მაგის ბრალია ყველაფერი. ის იმ რანგის პერსონაა, რაც შეიძლება ხშირად რომ უნდა შეახსენო, რა დონის გარეწარია. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვისაც ძალიან სირცხვილია ამგვარი წევრების არსებობა გუნდში, განსაკუთრებით სასირცვილოა წიკლაურის თანაგუნდელობა მელიასთვისაც.

-წიკლაურმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმა გაახმაურა?

-არ მგონია. ახლა ისეთი დროა, როდესაც სააკაშვილი ძველებურად ვეღარ აკონტროლებს პარტიის თითოეულ წევრს, ვინ რა უნდა ილაპარაკოს და ილაპარაკოს თუ არა საერთოდ. იყო დრო, როდესაც სააკაშვილი უკრძალავდა ეთერში გამოჩენას წიკლაურისნაირ ოდიოზურ ფიგურებს, რომლებიც საზოგადოებას ცუდად მოსდიოდა თვალში. რაც შეეხება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ლიდერს, მელიას იმდენი უფლება არა აქვს, რომ თითოეულ წევრს განუსაზღვროს სასაუბრო ტემატიკა. ასე რომ, წიკლაურმა დამოუკიდებლად მიიღო ,,ქვეყნის გადაწვის“ გადაწყვეტილება და ღრუტუნებს, რაც თავში აზრად მოუვა.

-დაანონსებულ რევოლუციას ოპოზიცია აღარ გეგმავს?

-რა რევოლუცია? რევოლუციის მოწყობას რამდენიმე წინაპირობა უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით, ასეთი წინაპირობები არ ჩანს. ვერც ოპოზიციისგან ვხედავ რაიმე კონკრეტულ გეგმას. ასე რომ, რევოლუცია დაივიწყონ…

-,,პატრიოტთა ალიანსი“ მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდში მონაწილეობის მიღებას აპირებს?

-პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ,,პატრიოტთა ალიანსის“ სახელით მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებათა პროცესში. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ამ კონფიგურაციით დიდხანს ვეღარ გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები