მამუკა მდინარაძე – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: დღეიდან საქართველოს აქვს მყარი საფუძველი, სამართლებრივად მოსთხოვოს ოკუპანტ ქვეყანას ყველა იმ ქმედების განხორციელება, რაც დეოკუპაციისთვისაა საჭირო
“საქართველოს დღევანდელი დღიდან, ამ გადაწყვეტილების შემდეგ აქვს მყარი საფუძველი, სამართლებრივად მოსთხოვოს ოკუპანტ ქვეყანას ყველა იმ ქმედების განხორციელება, რაც საქართველოს დეოკუპაციისთვის არის საჭირო”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მდინარაძემ მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს, მათ შორის, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს.
„საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი, ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის შეუქცევადი პროცესისთვის. საქართველოს დღევანდელი დღიდან, ამ გადაწყვეტილების შემდეგ აქვს მყარი საფუძველი, სამართლებრივად მოსთხოვოს ოკუპანტ ქვეყანას ყველა იმ ქმედების განხორციელება, რაც საქართველოს დეოკუპაციისთვის არის საჭირო. დაწყებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის აღდგენიდან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დამთავრებული თუნდაც სამომავლო პერსპექტივაში თავისი სამხედრო ძალებისა და შენაერთების გაყვანით საქართველოს ტერიტორიიდან. ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ ყოველ თქვენგანს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.