სალომე ზურაბიშვილი – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: პირველად ისტორიაში ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად გამართლებულია და აღიარებულია, როგორც ამ ომის მსხვერპლი (ვიდეო)

“პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო არის აღიარებული, როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა.

,,დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც ბრიუსელში ვხვდები, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია. ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომის შემდეგ 12 წელი გავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის იმიტომ, რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება.

მე მინდა, კერძოდ, დიდი მადლობა ვურთხრა იუსტიციის სამინისტროსა და თეა წულუკიანს, რემეთუ ამ გამარჯვების ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები