დავით ზალკალიანი: ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება, რომ ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ამბიციური განაცხადისთვის მოემზადოს
“ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა, რათა ქვეყანა მოემზადოს იმ ძალიან ამბიციური განაცხადისთვის, რომელიც არის დაკავშირებული 2024 წელთან და გულისხმობს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ზალკალიანმა პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვიცეპრემიერის პოზიციაზე დანიშვნა საპასუხისმგებლოა.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრს იმ ნდობისთვის, რომელიც მან გამოხატა ვიცეპრემიერის პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ის პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მთავრობას აქვს, არის ძალიან მკაფიოდ გაწერილი საქართველოს სამთავრობო პროგრამაში და მისი სახელწოდებაც „ევროპული საქართველოსთვის“ მიანიშნებს იმაზე, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა. ჩემი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის და ამჟამად ვიცეპრემიერის პოზიციიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება სწორედ ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია და ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა, რათა ქვეყანა მოემზადოს იმ ძალიან ამბიციური განაცხადისთვის, რომელიც არის დაკავშირებული 2024 წელთან, რომელიც გულისხმობს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, ევროპელ პარტნიორთან და ასევე ქვეყნის შიგნით. ამას სჭირდება რა თქმა უნდა, ყველა უწყების დაუღალავი შრომა იმ მიმართულებით, რომელიც არის დაკავშირებული საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციასთან ევროკავშირში, ჩვენს თანამშრომლობას სექტორების მიმართულებით და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 2024 წლამდე, მისი ქმედება, ჩვენი მთავრობის ქმედება იყოს ისეთი ეფექტიანი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ამ ამბიციური მიზნის განხორციელებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.