როგორც კი ყურადღებას მოვადუნებთ და ნიღაბს არ გავიკეთებთ, კოვიდსტატისტიკა ავარდება, დღეს ნაჩვენები ციფრები დამაიმედებელია, სკეპტიციზმი ვაქცინაციასთან დაკავშირებით არასწორია – ბიძინა კულუმბეგოვი
იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების შემცირებულ სტატისტიკაზე და პოზიტიურ მაჩვენებლებზე „კვირასთან“ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, თუ ჩვენ ნიღბის ტარების გაზრდილ სტატისტიკას შევინარჩუნებთ, საკმაოდ დამაიმედებელი მაჩვენებლები გვექნება.
„ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტში, რომელიც არის ვაშინგტონში, სიეტლში 15 იანვარს მთელი მსოფლიოს კოვიდინფიცირებულების მონაცემები განაახლეს და მათ შორის საქართველოსიც.
საბედნიეროდ, საქართველოში, ჩვენი სამეზობლოსა და ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან მაღალ ნიშნულზე ავიდა, 65%-დან 71%-მდე. ამიტომ ჩვენ თუ ამ პროცენტს შევინარჩუნებთ, მობილობაც მკვეთრად შემცირებულია, ნიღბის ტარებაც მახარებს, ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი იქნება ინფექციის მართვის პროცესში, რა თქმა უნდა ამაში საზოგადოების წვლილიც დიდია.
ყოველივე ამას თუ კიდევ უფრო გავაძლიერებთ და მაღალ მაჩვენებელზე ავიყვანთ, შეზღუდვების მოხსნა შეგვეძლება ისე, როგორც დაგეგმილია და შეიძლება, დროზე ადრეც გადახედოს ხელისუფლებამ.
ადამიანებს სულ უნდა შევახსენოთ, რომ როგორც კი ყურადღებას მოვადუნებთ და ნიღაბს არ გავიკეთებთ, კოვიდინფექცია მაშინვე ავარდება.
საბედნიეროდ, წინასაარჩევნო პერიოდი აღარ გვემუქრება და მასიურ შეკრებებს, ამგვარი ტიპის დარტყმებს, აღარ უნდა ველოდოთ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ, რომელი მხარე იკრიბებოდა. ასე, რომ დღეს ნაჩვენები ციფრები, კოვიდინიფიცირებულებისა საკმაოდ დამაიმედებელია,“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
“კვირას” კითხვაზე, რამდენად სწორია ვაქცინისადმი სკეპტიციზმი, რომელიც მოსახლეობაში არის, ალერგოლოგი გვპასუხობს, რომ ვაქცინის უსაფრთხოება არის მილიონჯერ მეტი, ვიდრე ის, რომ კორონავირუსი დაგვემართოს.
„რაც შეეხება ვაქცინაციას, ვაქცინა კეთდება 1 თვის ინტერვალით და იმ ადამიანებმა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში აიცრნენ, ჯერ მხოლოდ 1 დოზა მიიღეს, ძალიან ცოტა ნაწილმა გაიკეთა მეორე დოზა, ამიტომ, ჯერჯერობით, ვაქცინა ეპიდემიაზე გავლენას ვერ მოახდენს. ვაქცინის უსაფრთხოება არის მილიონჯერ მეტი, ვიდრე ის, რომ კორონავირუსი დაგვემართოს. 90 მილიონ ადამიანზე მეტია კორონავირუსით ინფიცირებული აქედან, 2 მილიონი გარდაიცვალა, ხოლო ვაქცინა გაკეთდა 45 მილიონ ადამიანში და ჯერ მაგით გარდაცვლილი ადამიანი არ არის, ასე რომ ვაქცინისადმი სკეპტიციზმი მცდარია,“ – აღნიშნა კულუმბეგოვმა.